მულტიმედია
ორი სოფელი სამი ბავშვით
სოფელ თოკში ახლა ქართულის გაკვეთილი ტარდება. დედას, რომელიც ამავე დროს შვილების ძირითადი საგნების ერთადერთი მასწავლებელია, დავალების შემოწმება და ახალი გაკვეთილის ახსნა 4 წლის სოფოსთან ერთად უწევს. სამი შვილის დედა წუხს, რომ ბავშვებს მეგობრები არ ჰყავთ და ვერც გუნდურ სამუშაოს ასრულებენ.

,,რთულია იმიტომ, რომ სხვა ბავშვი არ არის და არ იციან მეგობრებთან თამაში, გუნდური მუშაობა, მითუმეტეს სკოლაში ახლა ყველაფერი გუნდურად სამუშაოა. რთულია ისიც, რომ სკოლაში მოდიხარ და სახლშიც შენ ხარ. ურთულესია, ერთდროულად დედაც იყო და მასწავლებელიც და ჩაიბარო გაკვეთილები“ – ამბობს ლამარა ფანჯაკიძე.

ლამარა ფანჯაკიძე სოფელში 2016 წელს დაბრუნდა. მაშინ, როცა თოკში სკოლის გახსნა გახდა შესაძლებელი. ორი სოფლის ერთ სკოლას ორი მოსწავლე და ორი მასწავლებელი ჰყავს. მეხუთეკლასელ დურმიშხანსა და მესამე კლასელ გიორგის ინგლისურის გარდა ყველა საგანს დედა ასწავლის, კვირაში ორჯერ კი ასპინძიდან ინგლისურის მასწავლებელი დადის. 

ახალციხე–ახალქალაქის ცენტრალური გზიდან ფეხით ოთხი კმ–ის გავლაა საჭირო, სოფელში რომ მოხვდე, სადაც მხოლოდ 13 კომლი ცხოვრობს. სოფელი თოკი ასპინძიდან 28 კმ–ის დაშორებით, ზღვის დონიდან კი 1710 მეტრზე მდებარეობს. თოკს სოფელი ვარგავი სამი კილომეტრით აშორებს. ვარგავში დარჩენილ ათ ოჯახში ბავშვები არ არიან. თოკის სკოლა დაცლის პირას მყოფ ორ სოფელს – თოკსა და ვარგავს ემსახურება, სადაც მხოლოდ ორი მოსწავლეა.

,,მეგონა სხვებიც მომბაძავდნენ, ამოვიდოდნენ, ან სხვები მოიყვანდნენ შვილებს, მაგრამ წასული ვინ დაბრუნდება უკან სოფელში? სოფოს ერთი წელი აკლია, მეორეზე, როცა დურმიშხანი დაამთავრებს ხუთის გახდება, ასე რომ სასკოლო არ არის. ამიტომ, წავალტ ჩვენც, 6 კლასის მერე. თუ მასწავლებლები ყველა სათითაოდ ამოვა და ჩაუტარებს გაკვეთილს, რა თქმა უნდა არ წავალ, მაგრამ არა მგონია თითოთითოდ იაროს ყველა მასწავლებელმა, ამიტომ მოგვიწევს ჩვენც თოკის დატოვება და დაიკეტება ისევ სკოლა“ – ამბობს სამი შვილის დედა.



სოფლის სკოლა მხოლოდ 6 კლასს მოიცავს. ერთადერთი ბავშვებიანი ოჯახი, სოფელში კიდევ ერთ წელს გაჩერდება, მერე კი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ უფროსი დავლაშერიძეები ჯერ არ იციან. უფროსი შვილი დურმიშხანი მე–6 კლასს დაამთავრებს, რის გამოც მისი სხვაგან გადაყვანა ან ერთი მოსწავლისთვის ყველა საგნის მასწავლებლის თოკში სიარული იქნება საჭირო. ადგილობრივები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რამაც სოფლის დაცლა განაპირობა.

,,მარტო ეს ერთი ადგილია, საიდანაც მთელი სოფელი ვეზიდებით წყალს. ხელისუფლებას გზის გაკეთებას, სკოლის გაძლიერებას, ერთი პატარა მაღაზიის და სამედიცინო პუნქტის გაკეთებას ვთხოვ, უცებ რამე რომ აგვტკივდეს, წავიდეთ და წამალი გამოვართვათ. ყველაზე მეტად ზამთარში გვიჭირს, მაღალი თოვლი მოდის, ბუქი აყრის და კვირაობით გზა იკეტება“ – ამბობს რევაზ მელიქაძე.



,,მარტო არჩევნების დროს მოგვაკითხავენ და ეგ არის, მერე კაციშვილი აღარ არის პატრონი.. თანდათან იკლებს მოსახლეობის რიცხვი. ტრანსპორტი მაინც რომ იყოს, წავიდ–წამოვიდეთ ეგ გვინდა ყველაზე მეტად“– ამბობს იური ლეკიშვილი.

,,ავტობუსი აქ არ არის, გზა არ გვაქვს, ხალხი არ არის, შეუწყონ ხალხს ხელი, ახალგაზრდობა არ გაუშვან და სოფელი სოფლად იქნება, მაგრამ რომ არავინ არ არის, რას ვიზამთ. მერვე კლასი იყო, ინტერნატი იყო, 100 კომლამდე იყო მოსახლეობა“ – წუხს თამარ დავლაშერიძე. 

სოფელს არ აქვს სარწყავი და სასმელი წყალი, მაღაზია, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, შიდა გზები, განათება. პრობლემების ჩამონათვალს ბოლო არ უჩანს, მიუხედავად ამისა, თოკში ამბობენ, რომ ელემენტარული პირობების შექმნის შემთხვევაში შესაძლებელია თოკი ნასოფლარად არ იქცეს. თოკისა და ვარგავის დეპუტატი ასპინძის საკრებულოში ამბობს, რომ მშრომელი ადამიანი, თუკი ხელისუფლება ცოტა ყურადღებას გამოიჩენს, სოფელში მესაქონლეობითა და მეკარტოფილეობითაც ირჩენს თავს.



,,პირველ რიგში ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს, შიდა გზები უნდა გაკეთდეს, გაზი არ გვაქვს, სოფელ ვარგავშიც იგივე პრობლემებია, გზაი მაინც რომ მოწესრიგდეს, შეიძლება რომ ის ხალხი მაინც შევინარჩუნოთ, რაც არის. იქ სკოლა არ არის, ახალგაზრდობა ძალიან ცოტაა, ჩვენი ასაკის ბიჭები ფაქტობრივად არავინ არ არის იქ. შეშაზე სულ პრობლემაა, ფაქტიურად არ გვაქვს საწვავი შეშა, რადგან განადგურებულია ტყე, ვფიქრობთ, რომ გაზზე გადავიყვანოთ ორივე სოფელი, გვპირდებიან 2019–20 წწ, რომ შეიძლება გაკეთდეს“ – აცხადებს თემის დეპუტატი ასპინძის საკრებულოში ზვიად ზარიძე.

თოკსა და ვარგავში მცხოვრები მოხუცები დაუქორწინებელი ახალგაზრდობის გამო წუხან, თუმცა ამბობენ, რომ ყოფითი პრობლემების გამო სოფელი ყოველწლიურად იცლება.
| Print |