მულტიმედია
ასპინძის სოფლებში თუთას არხევენ (ფოტორეპორტაჟი)
ასპინძაში - ნიჯგორი, სარო, ხერთვისი და ტოლოში ის სოფლებია, სადაც 20 ივნისიდან ივლისის ბოლომდე თუთის სეზონი იწყება.

სოფელ ნიჯგორის მოსახლეობისთვის ერთერთი ძირითადი შემოსავლის წყარო სწორედ თუთაა.

ნიჯგორში, ლონდარიძეების ოჯახში თუთა დილით ადრე დაარხიეს, რადგან შრომატევადი და რთული პროცესი დროულად უნდა დასრულდეს.

ექვსი საათიდან კი მის მოხარშვას და ტყლაპის კეთებას შეუდგნენ, რომლის დასრულებას დაახლოებით ოთხი-ხუთი საათი მაინც ჭირდება.

თუთა და წყალი ,,ერთი ერთზე" უნდა იყოს, რომ თუთის ნატურალური წვენი მივიღოთ. შემდეგ წვენს ფქვილს ურევენ და ისე ხარშავენ. ფაფა ცხელი უნდა დაისხას სქელი ჩითის ნაჭრებზე, რომელსაც ადგილობრივები ,,ამერიკას" ეძახიან.

იმისთვის, რომ აძრობის დროს ტყლაპი არ დაიხეს, ნაპირებზე ფაფა ოდნავ სქლად უნდა დაისხას.

ფაფის დასხმა სოფლის ქალებისთვის ერთი რიტუალია, რის გამოც ოჯახის დიასახლისს მეზობლებიც ეხმარებიან.

მზიან ამინდში დასხმულ ფაფას, მეორე დღეს ,,აძრობენ ამერიკიდან" და გასაშრობად თოკზე ჰკიდებენ.

თუთისგან მომზადებული პროდუქტი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო სამცხე–ჯავახეთში, არამედ საქართველოშიც. ადგილობრივებს პროდუქციის რეალიზება არ უჭირთ. ამბობენ, რომ საზღვარგარეთ თუთის ნაწარმზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.

გემრიელთან ერთად, თუთისგან წარმოებულ პროდუქციას სასარგებლო თვისებებიც რომ აქვს, ამის შესახებ ნიჯგორის მკვიდრი ხათუნა ლონდარიძე საუბრობს.

ამბობს, რომ თუთის არაყი კარგია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.თუთის ტყლაპს ბრონხიალური ასთმით დაავადებულები მიირთმევენ და შეტევა ეხსნებათ. თუთა განსაკუთრებით სასარგებლოა თუ უზმოზე მიირთმევთ, რადგან ის სისხლს წმენდს.

თუთისგან ადგილობრივები ჯერ ტყლაპს, ოდნავ მოგვიანებით კი ბაქმაზს და არაყს აკეთებენ.

თუთის ტყლაპის ფასი ხარისხიდან გამომდინარე, 10 ლარის ფარგლებში მერყეობს. 10 ლარი ღირს 1 კგ თუთის ხმელიც.

ერთი ლიტრი ბაქმაზის შეძენა 35 – 40 ლარად შეიძლება. 1 ლიტრი არაყი მესხეთში 25-30 ლარი ღირს.


ასევე, დაგაინტერესებთ:

თუთა – მესხეთის სავიზიტო ბარათი
| Print |