საზოგადოება
იმერლებით დასახლებული მესხური სოფელი
სოფელი არცთუ ისე ბევრი მოსახლით, საუკუნის წინ ჩამოსახლებული იმერლებით, არაერთი პრობლემით, მაღალი ძაბვის ანძებით, მზარდი მიგრაციით და ყოველდღიური რუტინით. მუგარეთი ქალაქ ახალციხიდან 12 კილომეტში, ზღვის დონიდან 940 მეტრზე მდებარეობს.

სოფელში შესვლისთანავე უცხო თვალს სიმინდის ყანები, დამჭკნარი ნათესები და გამოკეტილი სახლები ხვდება. მიტოვებულ და ავარიულ შენობებს თითქმის ყოველ ნაბიჯზე გადააწყდებით.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, 2014 წელს მუგარეთის მოსახლეობა 331 კაცს შეადგენდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო წლებია სოფელი დღითი დღე იცლება. მუგარეთში მძიმე სოციალურ პირობებს გაურბიან.

სოფელში სასმელი წყალი არ აქვთ. ხანშიშესულებს აღარც კი ახსოვთ, ბოლოს როდის მოვიდა მათ ონკანებში წყალი. სოფლის ბოლოდან სათლებით წყლის მოტანა, ბავშვების ყოველდღიური ვალდებულებაა.

თათია და ლიზი წიქარიშვილები დები არიან. ისინი დედას წყლის მოზიდვაში ეხმარებიან.

სოფელს არ აქვს სკოლა და საბავშვო ბაღი. საშუალო განათლების მისაღებად მოსწავლეები მეზობელ სოფლამდე ყოველ დღე, ორ კილომეტრს გადიან. მუგარეთში ახლა ბავშვების ჟრიამული ისმის. მოზარდები არდადეგებზე ქალაქებიდან ბებია-ბაბუას აკითხავენ.

თემში მესაქონლეობას და მიწათმოქმედებას მისდევენ. ახალციხის სხვა სოფლებში ვერ შეხვდებით იმდენ ცხენს და ვირს, რამდენსაც მუგარეთში.



მუგარეთში ზაფხული ის დროა, როცა საქმე ყველას თავზესაყრელად აქვს. ქალები ზამთრისთვის მურაბებსა და კომპოტებს ამზადებენ, კაცები კი თივას მთიდან ეზოებში ეზიდებიან. ხმელი ბალახის შეგროვება დახმარების გარეშე თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ეს სამეზობლო პროცესია.

მუგარეთს ანძების სოფელსაც ეძახიან. ადგილობრივების პროტესტის მიუხედავად, მაღალი ძაბვის ხაზებმა სოფლის განაპირა ტერიტორია და მოსახლეობის მიწის ნაკვეთები დაიკავა.

| Print |