მულტიმედია
რამდენად კარგად იცნობ ასპინძის ისტორიას? (პასუხები)
მათთვის, ვინც შეავსო tv9news.ge - ს მიერ მომზადებული ქვიზი - რამდენად კარგად იცნობ ასპინძის ისტორიას? - პასუხები იხილეთ ვრცლად.

1. რას ნიშნავს ასპინძა? - სახელი სპარსულიდან შემოვიდა ქართულში, აღნიშნავდა დიდ გზაზე მდებარე სასტუმროს, დასასვენებელ სადგურს. ასპინძის, როგორც დასახლებული პუნქტის საწყისად მიჩნეულია 888 წელი, როდესაც მემატიანის ცნობით: „იძლივნეს აფხაზნი, ნასრ და ბაყათარ ოვსნი და ერისთავი აფხაზთა. გაქცეულ ნასრას დაედევნენ და სამცხეში, ასპინძასთან 888 წელს მოჰკლეს“


2. რომელ წელს გაიმართა ასპინძის ბრძოლა? - 1770 წლის 20 აპრილს ქართველთა ბრძოლა ოსმალეთის ლაშქართან ერეკლე II-ის სარდლობით რუსეთ-ოსმალეთის ომის (1768-1774) დროს. საქართველოში შემოსულ რუსთა საექსპედიციო რაზმს, რომელსაც ამიერკავკასიის ფრონტზე ოსმალთა ძალების ნაწილი უნდა მიეზიდა, ერეკლე II-მ შესთავაზა რუს-ქართველთა ერთობლივი ძალით ახალციხეზე გალაშქრება. მისი მიზანი იყო მესხეთის განთავისუფლება ოსმალთა ბატონობისაგან.)

3. რომელი მეფის სახელს უკავშირდება ნახიდარი ასპინძაში? - ერეკლე II. 24 მარტს შეერთებული მხედრობა ბორჯომის ხეობით ახალციხისაკენ დაიძრა და 14 აპილს აიღო სადგერის ციხე, 17 აპრილს კი ალყა შემოარტყა აწყურის ციხეს. ტოტლებენი შეუძლებლად თვლიდა გამაგრებული ციხის ზურგში მოტოვებას და ამიტომ საიერიშო ღონისძიებათა მომზადებას შეუდგა, მაგრამ ციხის გარემოცვისა და ბრძოლის მისეული გეგმა არასწორი იყო. ამით ისარგებლა ახალციხის ფაშამ და 18 აპრილს აწყურის ციხეში 2000-კაციანი დამხმარე რაზმი შეგზავნა.19 აპრილს ტოტლებენი თავისი რაზმითურთ მოულოდნელად უკან დაბრუნდა. მტერმა დრო იხელთა, ციხიდან გამოიჭრა და თავს დაესხა ქართველებს. ერეკლე II-მ სწრაფი კონტრშეტევით უკუაგდო მტერი და ასპინძისკენ დაიძრა. ქართველთათვის გზა რომ გადაეჭრა, ახალციხის ფაშამ 1500 მეომარი გამოიყვანა ახალქალაქისა და ხერთვისის ციხეებიდან, მაგრამ ერეკლემ ეს რაზმი დაამარცხა და უკუაქცია. მალე ასპინძასთან მტრის ძირითადი ძალები გამოჩნდა. ოსმალ-ლეკთა 8 -ათასიანი კორპუსის დიდ ნაწილს ერეკლემ მტკვარზე გადმოსვლის საშუალება მისცა, ღამით კი აღაბაბა ერისთავს, სვიმონ მუხრანბატონსა და ხუდია ბორბაჩალოელს მალულად გადაახერხინა ხიდის თავხეები ("ისრები"). ამით მტერს უკანდასახევი გზა მოეჭრა. 20 აპრილს ბრძოლა ქართველთა შეტევით დაიწყო. მტერმა ვერ გაუძლო დარტყმას და უწესრიგოდ იწყო უკან დახევა ხიდისაკენ. თავხეებგადახერხილი ხიდი ჩაინგრა და ასობით ოსმალ-ლეკი თან ჩაიტანა ადიდებულ მტკვარში. მტერმა ბრძოლის ველზე 4 ათასი მოკლული დატოვა. დაღუპულთა შორის იყვნენ ოსმალთა კორპუსის მთავარსარდალი, რამდენიმე ცნობილი ფაშა და ბეგი. ერეკლემ ორთაბრძოლაში მოკლა ლეკთა ბელადი მალაჩილა (კოხტა-ბელადი). ქართველებმა ხელთ იგდეს ტყვეები, დროშები, ცხენები და დიდძალი იარაღი. სწორედ ამ ჩახერხილ ხიდს დღემდე ერეკლეს ნახიდარის სახელით მოიხსენიებენ.

4. რომელი ტბაა ასპინძის მუნიციპალიტეტში? - წუნდის მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1539 მ სიმაღლეზე მდებარეობს. განფენილია თმოგვის ციხესიმაგრის ნანგრევების სიახლოვეს. ტბის ქვაბული წარმოქმნილია ახალქალაქის ლავური პლატოს დასავლეთი პერიფერიის დამეწყვრის შედეგად მდინარე მტკვრის ხეობაში. წარსულში ტბა აფეთქების კრატერად ანუ მაარად მიაჩნდათ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ტბა გაუდინარი და მტკნარია. აქვს მიწისქვეშა ჩამონადენი.

5. სად მდებარეობს ციკლოპური ნაგებობები? - ციკლოპური ნაგებობები ასპინძის სოფელ საროში მდებარეობს, სადაც ციხე სამი ნაწილისგან შედგება:
• „ქვეუბნის ციხე“, რომელიც სოფლის ბოლოს დასავლეთითაა (ქვეუბანი)
• „ზედა ციხე“, ანუ საყდრის ციხე, რომელიც მთავარანგელოზის ეკლესიის სიახლოვესაა
• „ახალი ციხე“, ანუ კოშკი საყდრის ციხის ჩრდილო დასავლეთით
სოფელ საროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის მიხედვით, სოფელი და მისი შემოგარენი ადრეული ხანიდანვე აქტიურად უნდა ყოფილიყო ჩართული იმ კულტურულ-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამცხე-ჯავახეთში ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ.-ით II ათასწლეულის შუა ხანებიდან მოყოლებული ელინისტური და ფეოდალური პერიოდის ჩათვლით.

6. რომელი სოფლიდან იყო ვეფხისტყაოსნის ავტორი? - შოთა რუსთაველი, პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში. შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვეზირი, თამარ მეფესთან დაახლოებული პირი. როგორც ჩანს, მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიწურულს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი არჩილ II. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობაზე. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.

7. სად აღმოაჩინეს 50 საუკუნის წინანდელი მძლავრი ნაგებობები?
- ასპინძის რაიონში, სოფელ ძველში, რაბათის ნამოსახლარზე არქეოლოგებმა 2019 წლის ივლისსა და აგვისტოში უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლი და არტეფაქტი აღმოაჩინეს. აღმოჩენილია 50 საუკუნის წინანდელი (ადრებრინჯაოს ხანის) მძლავრი ნაგებობები, რომლის ანალოგიც არ მოიძებნება კავკასიის რეგიონში. აღმოჩენილია საყოფაცხოვრებო, სარიტუალო ნივთები და ასევე, შუაბრინჯაოს ხანის სამარხები. „ეს ყველაფერი რაბათის ნამოსახლარზე ადამიანების ცხოვრების უწყვეტი კვალის არსებობას ადასტურებს და სავარაუდოა, რომ ამ ადგილას ადამიანები გასული საუკუნის დასაწყისშიც ცხოვრობდნენ.

8. ცხენმა ძველი თოკი აწყვიტა და ტოლოში დამალა - რომელია ასპინძის სოფლები? - მოსახლეობამ სოფლის სახელწოდებებით სხარტულა ააწყო.

ძველი (ზველი) მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1460 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 13.5 კმ-ით.
თოკი - მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტის ვარგავის თემში, ზღვის დონიდან 1640 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 28 კმ-ით.
აწყვიტა -მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1260 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 2 კმ-ით.
ტოლოში - მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 15 კმ-ით.
დამალა - მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1360 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 3 კმ-ით.


9. სად გაიმართა პირველი რთველი 400 წლის შემდეგ? - მესხურ ტერასებზე. მესხეთი საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად ქართული მეღვინეობის ერთ-ერთ აკვნად მიიჩნევა. აქ საუკუნეების წინ მევენახეობა მაღალ დონეზე იყო განვითარებული, რასაც ნასახლარებთან შემორჩენილი საუკუნოვანი ვაზის ჯიშები და ქვაში გამოკვეთილი უნიკალური საწნახელებიც მოწმობს. მე-16 საუკუნის ბოლოს მესხურ ტერასებზე უკანასკნელი რთველი შედგა, რის შემდგომაც ისტორიულად ცნობილი სირთულეების გამო მესხური ვაზის უძველესი ჯიშები თითქმის მთლიანად განადგურდა. 2015 წელს, ბიზნესმენების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და მესხური ვაზის ჯიშების კოლექციონერის გიორგი ნათენაძის ერთობლივი ძალისხმევით სოფელ ხიზაბავრაში აღდგა მე-12 საუკუნის თამარ მეფის დროინდელი ტერასები. დიდი ძალისხმევის შედეგად, აღდგენილია ისტორიული ტერასების 12 ჰექტარი, სადაც გაშენდა მესხური ვაზის 24 უიშვიათესი ჯიში. დაგეგმილია კიდევ 11 ჰექტარის გაშენება, სადაც სხვა აღდგენილი ჯიშებიც დაირგვება. პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით ლევან უჯმაჯურიძეს და გიორგი ნათენაძეს, რომლებმაც საგურამოს სამეცნიერო კვლევით ცენტრში 20-ზე მეტი მესხური ჯიშის იდენტიფიცირება მოახდინეს. ახალი სიცოცხლე დაიწყეს ისეთმა უნიკალურმა ჯიშებმა, როგორიცაა: „თამარის ვაზი“, „ჯვარი“, „მესხური მწვანე“, „მესხური ხარისთვალა თეთრი“, „შავი ხარისთვალა“, „მესხური ცხენის ძუძუ თეთრი“, “დანახარული“, „მესხური ჩიტისთვალა თეთრი“, „მესხური ჩიტისკვერცხა“, „ცხენის ძუა შავი“, „კლარჯული“, „ახალციხური თეთრი“, „შავი ასპინძურა კაპნის“ და ა.შ.

10. რომელი შეთქმულების შემდეგ წაისვა თაფლი ცოტნე დადიანმა? - კოხტასთავის შეთქმულება იგივე ქართველ დიდებულთა შეთქმულება მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ დაახლოებით 1245 წელს ასპინძაში, სოფელ დამალასთან. მონაწილეთა მიზანი დიდი ანტიმონღოლური აჯანყების მომზადება იყო. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს და მისი მონაწილეები დააპატიმრეს. გადარჩნენ მხოლოდ ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი კახაბერისძე, რომლებმაც ადრე დატოვეს ქვეყანა. დაპატიმრებულები ანისში წაიყვანეს, ხელ–ფეხი შეუკრეს, გააშიშვლეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მზეზე დაყარეს. ცოტნე დადიანმა გაიგო ქართველი დიდებულების შეპყრობის ამბავი. მან ორი მსახური იახლა და ანისში წავიდა. ცოტნემ მონღოლებს მოახსენა, რომ თუ ისინი უდანაშაულოებს ასე სასტიკად სჯიდნენ, მაშინ თავადაც მეგობრების გვერდით მოკვდებოდა. მონღოლებმა ცოტნე დადიანის სიტყვები ირწმუნეს და ქართველი დიდებულები გაათავისუფლეს.
| Print |