სოფლის ამბები
„ჯოჯოხეთში წესრიგი იქნება, ვარევანში არა“ - სოფლის მოსახლეობა
სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების გაუმართაობა, მიგრაცია, ამორტიზებული გზები, ნაგვის ურნებისა და გასართობი ობიექტების არარსებობა, - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ახალქალაქის სოფელ ვარევანის მაცხოვრებლებს აწუხებთ. ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში სდებენ ბრალს და პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

სვეტლანა ბაღნიქიანი 38 წელია ვარევანში ცხოვრობს. ამბობს, რომ სოფლის მთავარი პრობლემა სასმელი წყალია, რომელიც მიმდებარე სოფლებში ნაგვის ურნების არარსებობის გამო ბინძურდება. ხუთი სოფლის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს იმ მდინარეში ყრის, რომელსაც ვარევანის მოსახლეობა სასმელად იყენებს.
სვეტლანა ბაღნიქიანი ამბობს, რომ ამის გამო, ბავშვები ხშირად იწამლებიან. მსგავსი ნიშნებით ახალქალაქის საავადმყოფოში მისი რვა წლის შვილიც მკურნალობდა.

„80 წლის ვარ და დღემდე ნორმალური სასმელი წყალი არ გვქონია“ - გვითხრა სოფელ ვარევანის მკვიდრმა მკრტიჩ მანასიანმა.
„ჯოჯოხეთში წესრიგი იქნება, ვარევანში არა“ - ამბობს ვარევანის მკვიდრი სამველ აზარიანი.

გარდა იმისა, რომ წყალი დაბინძურებულია, ხშირადაც წყდება. ადგილობრივების მტკიცებით, ამის მიზეზი მეზობელი სოფლების მოსახლეობის მიერ, სასმელი წყლის სარწყავად გამოყენებაა. ამის გარდა, ფერმერები სარწყავი სისტემის გაუმართაობის გამოც ჩივიან. ადგილობრივების შემოსავლის ძირითადი წყარო მიწათმოქმედებაა, უწყლობის გამო კი სამეურნეო კულტურების მოვლა რთულდება. ფერმერები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგებას მოითხოვენ.

სოფელში მოუწესრიგებელი საავტომობილო გზისა და გასართობი საშუალებების არქონის გამოც ჩივიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის ფონზე თანხა არამიზნობრივად იხრჯება. კულტურის სახლის მშენებლობისთვის, 2017 წელს გამოცხადებულ ტენდერში ბიუჯეტიდან 76 000 ლარამდე გამოიყო და სოფელში კულტურის სახლი აშენდა.

„ამდენი ფული წყალში გადაიყარა და კლუბი დღემდე არ ფუნქციონირებს“ - ამბობს ვარევანის მკვიდრი მკრტიჩ მანასიანი.

მერის რწმუნებული მიშა სტეფანიანი კი ირწმუნება, რომ კულტურის სახლის ინვენტარის შეძენა მწირი ფინანსების გამო ვერ მოხერხდა, რის გამოც შენობა დღემდე არ ფუნქციონირებს.

„ორი წელია განცხადებას ვწერ მთავრობისთვის და წელსაც უნდა დავწერო, იქნებ კლუბს რამე ვუშველოთ. რაც შეეხება გზების რეაბილიტაციას, ამის შესახებ პროექტი უკვე შედგენილია. ივნისის თვეში მოვიდნენ, გზები აზომეს და გვითხრეს, რომ შემოდგომით გზის რეაბილიტაციასაც დაიწყებენ. რაც შეეხება სარწყავ წყალს, მომავალ წელს ვაპირებთ ერთი ხელოვნური ტბა კიდევ მოვაწყოთ, რომ წყალი ყველას ეყოს“, - გვითხრა სოფელ ვარევანის რწმუნებულმა მიშა სტეფანიანმა.

სოფლის წარმომადგენელი იმასაც ირწმუნება, რომ სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად პროექტის განხორციელება პანდემიის გამო ვერ მოხერხდა, მოგვიანებით პროცესს ხელი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყების პერიოდმაც შეუშალა. მიშა სტეფანიანი, სარეაბილიტაციო სამუშაოების განახლებას, კარტოფილის მოსავლის აღების შემდეგ ვარაუდობს.

სოფელი ზღვის დონიდან 1640 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ვარევანი ახალქალაქიდან 19 კილომტრით არის დაშორებული. ვარევანში, დაახლოებით, 150 ოჯახი ცხოვრობს.

მოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

| Print |