მულტიმედია
ხელისუფლების მიერ უარყოფილი პრობლემები ოშორაში
დაბინძურებული სასმელი წყალი, უმუშევრობა, დაზიანებული ხიდი, საბავშვო ბაღის არარსებობა - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის მოსახლეობა ამ პრობლემების მოგვარებს ხელისუფლებისგან ითხოვს. ადგილობრივი მთავრობა კი ამბობს, რომ ოშორას პრობლემები არ აქვს და სოფელში ნორმალური ცხოვრებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

ადგილობრივები სოფელში არსებულ მთავარ პრობლემად დაბინძურებულ სასმელ წყალს ასახელებენ. როგორც ოშორის მაცხოვრებლები ამბობენ, ონკანში წყალი მოდის, მაგრამ მისი სასმელად გამოყენება შეუძლებელია. პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება წვიმიან ამინდში. ადგილობრივების თქმით, ამ დროს სასმელი წყალი ისე იმღვრევა, რომ მას ტექნიკური დანიშნულებითაც ვეღარ იყენებენ. გარდა ამისა, როგორც ოშორაში ამბობენ, არსებული წყლით სოფლის მოსახლეობის მხოლოდ ნაწილი სარგებლობს.

,,წყალი დაბლა მოდის მხოლოდ, ჩვენ, ვინც მაღლა ვცხოვრობთ, არ გვაქვს, სატანჯველი სოფელია“ - ამბობს ოშორის მკვიდრი მიშა პაპიძე.

ოშორა იდუმალის თემში, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მდებარეობს. სოფელი დაბა ასპინძიდან 8 კილომეტრით არის დაშორებული. ოშორაში, ისევე როგორც თითქმის ყველა მაღალმთიან სოფელში, უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ადგილობრივების თქმით, სამუშაო ადგილების არარსებობის გამო ახალგაზრდების დიდი ნაწილი სოფლიდან მიდის.

ოშორაში 150-მდე ოჯახი ცხოვრობს. სოფელში ფუნქციონირებს სკოლა, თუმცა არ არის საბავშვო ბაღი. მოსახლეობის ნაწილს ბავშვები ასპინძის ბაღში დაჰყავს. თუმცა ამბობენ, რომ ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს. ადგილობრივები ხელისუფლებას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აშენებას სთხოვენ.

„ვისაც საშუალება აქვს, ბავშვი ბაღში ასპინძაში დაჰყავს. ვისაც არა, საერთოდ არ დადის“ - ამბობს ადგილობრივი ოთარ პაპიძე.

მოსახლეობის კიდევ ერთი პრობლემა ოშორაში არსებული ხიდია, რომელიც ერთმანეთთან სოფლის ორ უბანს აკავშირებს. ხიდის კონსტრუქცია დიდი ხანია დაზიანებულია. ადგილობრივები მის აღდგენას ყოველწლიურად ითხოვენ, თუმცა მწყობრიდან გამოსული კონსტრუქციის შეკეთება
ამ დრომდე ვერ მოხერხდა.




,,ხიდი გაკეთებული რომ იყოს, ხალხს დიდი გზიდან სიარული აღარ მოუწევს და მოკლეზე ივლის. რამდენჯერმე მივმართეთ მთავრობას და გვითხრეს: ჩასმულია და გავაკეთებთო. როდის გააკეთებენ არავინ იცის“
- ამბობს ოთარ პაქსაძე.

სოფელ ოშორას რწმუნებული ამბობს, რომ აღნიშნული ხიდი გაკეთდება, თუმცა, ჯერ პრიორიტეტული სხვა მნიშვნელოვანი ხიდებია. რაც შეეხება სასმელ წყალს მამუკა გიგაშვილი აცხადებს, რომ სოფელს წყლის პრობლემა არ აქვს.

„არანაირი პრობლემა არ არის სოფელში, წყალი კამკამა მოდის“ - ამბობს სოფლის რწმუნებული მამუკა გიგაშვილი.



რწმუნებული ოშორაში პრობლემების არსებობას უარყოფს, მოსახლოება კი ხელისუფლებას გაუსაძლისი ყოფის შემსუბუქებას სთხოვს.



მოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე


| Print |