სოფლის ამბები
თივა პირუტყვისთვის, კარტოფილი და ხორბალი ოჯახისთვის - ფოტორეპორტაჟი თორიიდან
ტუფის ქვისგან ნაშენი სახლები, ეზოებში გასაშრობად გაშლილი წივა, ზამთრისთვის, საქონლის გამოსაკვებად მოგროვილი ბალახი და საშემოდგომო საქმეებში ჩართული დიდ-პატარა - ასეთი სურათი დაგხვდებათ, თუ ნინოწმინდის სოფელ თორიას სექტემბერში ეწვევით.

მომთაბარე მწყემსებისთვის ალპურ ზონაში ხელსაყრელი პირობებია. ამიტომ სოფლის მიმდებარედ, სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ფერმერები ცხვრის ფარასა და საქონელს აძოვებენ.

მეფუტკრეების თქმით, ევროპის ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ალპურ თაფლზეა. ალპური ყვავილის ნექტრით ქვეყანაში სამცხე-ჯავახეთი ლიდერობს. სკებსაც სოფელ თორიაში თითქმის ყველა ეზოში ნახავთ.

სოფელში მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას თანაბრად მისდევენ. შემოდგომა თორიის მოსახლეობისთვის ის პერიოდია, როდესაც ზამთრის სარჩოს მოსამარაგებლად დიდი და პატარა ერთნაირად შრომობს.

ოჯახის გარდა, თორიელებს ზრუნვა პირუტყვის გამოსაკვებადაც უწევთ. წელს თივა გაძვირდა, ამიტომ ბევრი უნდა მოაგროვონ, რომ გაზაფხულზე ყიდვა არ დაჭირდეთ.

თივა პირუტყვისთვის, კარტოფილი და ხორბალი ოჯახის წევრებისთვის - თორიაში ეს ხანგრძლივი ზამთრის გასატანად აუცილებელი პირობაა. ასევე აუცილებელია ნაკელის გამოშრობა, რომელსაც ადგილობრივები წივას უწოდებენ და ზამთარში გათბობის ძირითად საშუალებად იყენებენ.

ძველი ქვის სახლები, წყლის ავაზანი და მოსახლეობის თავშეყრის ადგილი, სოფელში შესვლისთანავე თვალში გეცემათ.

პრობლემების ჩამოთვლისას, ყველაზე ხშირად წინასაარჩევნო დაპირებები ახსენდებათ. მორიგი დაპირება ნორმალური საავტომობილო გზაა, რომელიც 2021 წელს უნდა გაკეთდეს და ამისთვის 1.5 მლნ ლარია გათვალისწინებული.

სოფელში ძირითადად ეთნიკური სომხები ცხოვრობენ. საჯარო სკოლაში 90 მოსწავლე სწავლობს. სკოლის წინ მინი სტადიონია მოწყობილი.

პანდემიის გამო თორიაში დარჩენილი კაცები სოფლის საქმეების დასრულების შემდეგ თავს ნარდის თამაშითა და მსოფლიო პოლიტიკის შესახებ მუსაიფით ირთობენ.

ვიდრე უფროსები სამყაროს პრობლემებზე ბჭობენ, მოზარდები კომპიუტერის ნაცვლად რეალური თამაშებით ირთობენ თავს.
სოფლის თავზე, მთაზე არსებული ციკლოპური ციხის ნაშთები და კედლებია შემორჩენილი. იმავე მთაზე სამლოცველოა, რომელშიც ძველი საკურთხეველია. სოფელში ყოფილა ქართული ეკლესია, რომლის დუღაბიღა შემოგვრჩა. ერთ-ერთი დოკუმენტით (ს. ჯიქია) 1847 წელს თორიაში ჯერ კიდევ არავინ ცხოვრობდა. ე.ი. ეკლესია იდგა. დაანგრიეს იგი და მისი ქვებით ააშენეს ახალი წმ. დომინიკეს სალოცავი. 

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |