საზოგადოება
„ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“- საბარგო სადგურის დასახლების მრავალეროვნული მეზობლობა
სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი მულტიეროვნული რეგიონია, სადაც ქართველებთან ერთად სომხები, ებრაელები, რეპატრირებული მესხები და ჩამოსახლებული აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ამ მხრივ რეგიონი გამორჩეულია საბარგო სადგურის დასახლებით, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანი წლებია ერთმანეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ამყარებს.

ნარგიზ სულეიმანოვა ქმართან და ორ შვილთან ერთად აზერბაიჯანიდან საბარგო სადგურის დასახლებაში საცხოვრებლად 2009 წელს გადმოვიდა. მეზობლებმა ნარგიზი პირველი დღიდანვე შეიყვარეს. 40 წლის ქალმა ყველაფერი ნულიდან დაიწყო - სახლის წინ საკუთარი ბაღი გააშენა, მარცვლოვანი კულტურები და ხილ-ბოსტნეული დათესა.

ყოველდღე, მეზობლებს ნარგიზი ტრადიციული აზერბაიჯანული „შორგოხალით“ და კრუასანით უმასპინძლდება. მეზობელ ქალებს უარს არც საკუთარი რეცეპტების გაზიარებაზე ეუბნება.


„რა ჯობია ნარგიზის დამზადებულ ტრადიციულ ნამცხვარსა და ჩაის. ჩვენც ვისწავლეთ და ვაცხობთ კიდევაც. მას არასდროს ეზარება ნამცხვრის გამოცხობა. გამზადებული ცომი ყოველთვის მაცივარში უდევს - სტუმარი რომ მივიდეს და უცბად გამოაცხოს“,-
ამბობს ნინო სამყურაშვილი.

საბარგო სადგურის დასახლებაში 16 აზერბაიჯანულენოვანი ოჯახი ცხოვრობს. მკვიდრი მოსახლეობა უკვე იცნობს მეზობელი ერების ტრადიციებს, დაბადების დღეებსა და მათთვის მნიშვნელოვან დღესასწაულებს.



„ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის. მე მესმის ქართული, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვსაუბრობ. ჩვენ ერთმანეთს ძირითადად რუსულად ვესაუბრებით“,- გვითხრა ნარგიზ სულემანოვამ.

ადგილობრივების თქმით, რელიგიური დევნა, ერებს შორის კონფლიქტი და სიძულვილი საბარგო სადგურის დასახლებაში არასდროს ყოფილა და არც იქნება. მოსახლეობა ერთი ოჯახივით ცხოვრობს. როგორც თავად ამბობენ, ჭირსა და ლხინში ერთამანეთის გვერდით დგანან.

სვეტლანა კლდიაშვილი ოთხსულიან ოჯახთან ერთად, ადიგენიდან საბარგო სადგურის დასახლებაში საცხოვრებლად რვა წლის წინ ჩამოვიდა. მისი პირველი მეზობელი ნარგიზა და ანაიდა იყვნენ. ამბობს, რომ ახალი მეზობლები მას სითბოთი და სიყვარულით დახვდნენ.

„პირველივე დღიდან ჩემი მეზობლები ისე მივიღე, თითქოს მათ მრავალი წელია ვიცნობ“, - ამბობს სვეტლანა კლდიაშვილი.

მეზობლები ერთმანეთთან ბიბლიასა და ყურანს განიხილავენ.



„ყოფილა შემთხვევა, წმინდა მარიამობის დღესასწაულზე გოგოებს უთქვამთ, რომ მათ იციან ამ დღესასწაულის შესახებ. ეს ძალიან კარგია. სასიხარულოა, რომ ჩვენი რელიგიით და კულტურით ისინიც ინტერესდებიან“, -გვითხრა სვეტლანა კლდიაშვილმა.

ადგილობრივი ანნა გასპარიანი კი უკვე 70 წელია საბარგო სადგურის დასახლებაში ცხოვრობს. ანნას თქმით, მათ წლებია მეზობლებთან თბილი ურთიერთობა აქვთ.

„ნარგიზა, სვეტლანა და დანარჩენები შვილებივით მიყვარს. არ მახსოვს, რომ ოდესმე კონფლიქტი მქონოდა მათთან“, - ამბობს ანნა გასპარიანი.

ასაკოვანი ქალის თქმით, მეზობლებს შორის ურთიერთობა მისთვის ყველაზე ძვირფასია. მაშინ, როდესაც ასაკის გამო ცუდად ხდება, მის გვერდით მისი მეზობლები და ახლობლები არიან.


საბარგო სადგურის დასახლება ახალციხის გარეუბანია. თბილისიდან მომავალი, თავდაპირველად ამ ტერიტორიას გამოივლი, რადგან ახალციხე სწორედ საბარგო სადგურის მრავალეროვნული დასახლებით იწყება.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |