საზოგადოება
დანაგვიანებული ახალციხე
პოლიეთილენის და მინის ბოთლები, ცელოფნები, სიგარეტის ნამწვავები, პლასტმასის ნარჩენები, პირბადეები, თუნუქის ქილები - ეს იმ ნივთების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ახალციხის ქუჩებში შეამჩნევთ.
მიუხედავად იმისა, რომ ურნები დისტანცირებულად დგას, ახალციხეში ნაგავი ქუჩაში მაინც ყრია.

დაბინძურებულია მდინარე ფოცხოვიც, რომელიც ახალციხეს მთელ სიგრძეზე მიუყვება. საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყრია მდინარის ნაპირებზე. დანაგვიანებულია ხიდები. ქალაქის ცენტრალური ქუჩები შედარებით დასუფთავებულია, რაც გარეუბნებზე რთული სათქმელია.
პრობლემაა მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხებიც, რომლებიც დღეისათვის ნაგვის ურნის ფუნქციას უფრო ასრულებს. გამვლელები ნაგავს პირდაპირ არხებში ყრიან, წვიმის დროს კი წყალი ვეღარ გადის და გზებზე ნიაღვრებად მოედინება.
სანქციების ამოქმედების მიუხედავად, ქუჩები მაინც დანაგვიანებულია. ახალციხის გარეუბნებში პრობლემაა ურნების სიმცირეც.
შეგახსენებთ, რომ მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც:
  • ქუჩაში 2 კილოგრამამდე ნარჩენის გადაყრისთვის ჯარიმა 80 ლარი;
  • შენობის ფანჯრიდან გადაყრისას - 100 ლარი;
  • ქუჩაში 2 კილოგრამზე მეტი ნარჩენის დაყრა ისჯება 150 ლარით, ხოლო ფანჯრიდან გადაყრისას - 500 ლარით;
  • სახიფათო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში ფიზიკური პირების ჯარიმა 400 ლარს შეადგენს, ხოლო იურიდიული პირებისთვის - ათას ლარს.
| Print |