საზოგადოება
პანდემიის პირობებში მოყვანილი მოსავალი და ფერმერების პრობლემები

 

კორონავირუსის პანდემიამ საქართველში ზიანი სოფლის მეურნეობის სფეროსაც მიაყენა. გაზაფხულზე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, ფერმერების ერთ ნაწილს მიწის დამუშავების პროცესში ხელი შეეშალა. შესაბამისად მიმდინარე წლის შემოდგომაზე, წინა წელთან შედარებით, ნაკლები მოსავალი მიიღეს. ადგილობრივი მოსახლეობის მეორე ნაწილს კი ჭარბმოსავლიანობის გამო რეალიზაცია უჭირს.


სოფელ სხვილისში ფერმერები წელს ნაკლებმოსავლიანობაზე ჩივიან. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შემცირებული რაოდენობით მიღებას, სხვილისელები კორონავირუსის პანდემიას უკავშირებენ. მათი თქმით, გაზაფხულზე შეზღუდვების დაწესების გამო, ნათესებს დროულად ვერ მოუარეს, ამიტომ მოსავალიც, შესაბამისად, ნაკლები მიიღეს. ფერმერები შიშობენ, რომ შესაძლოა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ისევ გამოცხადდეს და პროდუქტის რეალიზება ვეღარ მოახერხონ. ამიტომ ისინი აღებული მოსავლის ნაწილს დაბალ ფასში ყიდიან.

„კარტოფილი 10 თეთრად გავყიდე რამოდენიმე დღის წინ, ისევ რო ჩავიკეტო, ვერავინ შემოვა. მე ვერ შევძლებ გატანას. რა გამეკეთებინა? გადაყრა მომიწევდა“- ამბობს თინა პაპიძე

პანდემიამ პრობლემები განსაკუთრებით იმ ფერმერებს შეუქმნა, რომლებსაც მიწის ნაკვეთები სახლიდან მოშორებით აქვთ. ერთ-ერთია მაქსიმ რიბაკოვი, რომელიც სხვილისში ცხოვრობს, მიწის ნაკვეთებს კი ფარეხაში ამუშავებს. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მიწის დამუშავება და მოვლა-პატრონობა ვერ შეძლო, რის გამოც ისეთი მოსავალი ვერ მიიღო, როგორსაც ელოდა.



„ მიწას საღამოს უნდა მოუარო, ვერ მოვასწრებდი 9 საათზე სახლში ყოფნას, ერთხელ პოლიციამ გამაფრთხილა 10 წუთი იყო დარჩენილი, წადი თუ არა ჯარიმას დაგიწერთო“- ამბობს მაქსიმი.

სხვილისისგან განსხვავებით ახალქალაქში ნაკვეთების დამუშავება შეძლეს და მოსავალიც დიდი რაოდენობით მიიღეს. რაც შეეხება ღირებულებას, ჯავახეთში ამ კულტურის ფასი 55-60 თეთრია.

ადგილობრივი ბიზნესცენტრის დირექტორის თქმით, ღირებულება ნორმალურია და ფერმერებს ამ ეტაპზე რეალიზაციის პრობლემები არ აქვთ. თუმცა შიშობს, რომ ჭარბი მოსავლის გამო, შესაძლოა მომავალში გაუჭირდეთ. მახარე მაცუკატოვი თქმით, თუ ქვეყანას ისევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოუწევს, სახელმწიფომ შესაბამისი სტრატეგია უნდა შეიმუშავოს, რათა ფერმერებმა პროდუქტების რეალიზაცია შეძლონ და მოსავალი არ გაუფუჭდეთ.

„იმ შემთხვევაში თუ ჩავიკეტეთ, იმედია სახელმწიფო გააკეთებს გარკვეულ შეღავათებს ფერმერების მიმართ, რომ მოსავალი არ გაუფუჭდეთ და რეალიზაცია გააკეთონ“ - ამბობს მახარე მაცუკატოვი.

სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, წელს, საერთო ჯამში, მოსავალი ბევრად მეტია. ცენტრის მთავარი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ეს ფერმერებში პანდემიის გამო შექმნილმა შიშმა გამოიწვია. მამუკა თამარაძის თქმით, იმის გამო, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს საზღვრები ჩაიკეტა და მიმოსვლა შეიზღუდა, ადგილობრივებმა გაცილებით მეტი ნაკვეთი დაამუშავეს.


რამდენად დიდია ზარალი სოფლის მეურნეობის კუთხით ქვეყანაში ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისათვის მოსავლის აღება და რეალიზაცია ისევ გრძელდება. თუმცა ფაქტია, რომ ფერმერების ნაწილი ნაკლებმოსავლიანობისა და რეალიზაციის დაბალი ფასების გამო ჩივის, ნაწილმა კი შესაძლოა მიღებული ჭარბი მოსავლის რეალიზაცია ვერ შეძლოს. ადგილობრივი ფერმერები მხარდაჭერას სახელმწიფოსგან ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ პანდემიის მეორე ტალღას ვეღარ გაუძლებენ.

მოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

| Print |