მულტიმედია
მესხი ემიგრანტების შემოქმედებაში გამოხატული ნოსტალგია
საქართველოდან საზღვარგარეთ სამუშაოდ არაერთი ადამიანია წასული. მათთვის უცხო ქვეყანაში, ოჯახის წევრებისგან შორს ცხოვრება არც ისე მარტივია. იმისთვის, რომ ისედაც რთული მდგომარეობა ცოტა მაინც გაიხალისონ, ემიგრანტებმა გამოსავლის ძიება დაიწყეს და შეეცადნენ, რომ თავისუფალ დროს მხოლოდ საყვარელი საქმიანობით დაკავდნენ.

მაია ზედგინიძემ ახალციხე ოთხი წლის წინ დატოვა და ისრაელში სამუშაოდ წავიდა. დატვირთული გრაფიკის გამო მისი ყოველდღიურება მხოლოდ სამსახური და სახლია. თავისუფალ დროს ცხოვრებას ლექსების წერით იხალისებს და საკუთარ სატკივარს ასე გადმოსცემს. პოეზიით პატარა ასაკიდ დაინტერსედა და წერა დაიწყო. თუმცა დღეს მისმა ლექსებმა სევდიანი ელფერი შეიძინა. ბოლო პერიოდში ძირითადად სამშობლოზე, მონატრებასა და ოჯახზე წერს.

როდესაც უცხო ქვეყანაში მიდიხარ, რადიკალურად განსხვავებულ სამყაროში ხვდები, ჩემს ლექსებში საკუთარ ემოციებს გამოვხატავ. ხშირად ჩემი ნაწერები ჩემ სათქმელს ჰყვება“ - ამბობს ემიგრანტი.

ლექსებს სოციალურ ქსელში ტვირთავს და მეგობრებს შემოქმედებასთან ერთად, საკუთარ ემოციებსაც აცნობს. ამბობს, რომ მკითხველი ცოტა ჰყავს, თუმცა მეგობრები სთხოვენ, რომ კიდევ ბევრი ახალი ნააზრევი გაუზიაროს. ემიგრანტს დღემდე 100-მდე ლექსი აქვს დაწერილი. მისი ოცნებაა საქართველოში მალე დაბრუნდეს და ლექსების პატარა კრებული გამოსცეს.

კიდევ ერთი ემიგრანტი, რომელმაც რთულ პერიოდში გამოსავლი სიმღერით იპოვა, ბელა მოდებაძეა. სამშობლოსა და ოჯახისგან შორს ყოფნის სევდას, იგი ქართული სიმღერებს ჩაწერითა და საზოგადოებისთვის გაზიარებით იქარვებს.

ბელა ახალციხეში მუსიკის მასწავლებელი იყო. უცხო ქვეყანაში პირველი სიმღერა ახალ წელს ჩაწერა. სოციალურ ქსელში გაზიარების შემდეგ, მის ნამღერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეგობრებისგან იმდენი დადებითი შეფასება მიიღო, რომ მომდევნო სიმღერების ჩაწერაც გადაწყვიტა. მას შემდეგ საქართველოზე, სიყვარულსა და მონატრებზე მღერის და მას საყვარელ ადამიანებსა და სამშობლოს უძღვნის.

„სიმღერა ემიგრანტობამ დამაწყებინა“ - ამბობს ბელა მოდებაძე.

პირველი ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მილიონამდე ნახვა დააგროვა. ამბობს რომ მისი სიმღერები სხვა ემიგრანტებისთვის სტიმულია, რომ უცხო მხარეში გადახვეწილებმა ამდენ მონატრებას როგორმე გაუძლონ.

„როდესაც მარტო ვრჩები მხოლოდ მაშინ მიჩნდება სურვილი, ჩემი ემოციები ჩემი სიმღერებით გამოვხატო“ - ამბობს ბელა.

ემიგრანტებმა კორონაპანდემიის გამო შექმნილ რთულ პერიოდში გამოსავალი იპოვეს და ეს დრო იმისთვის გამოიყენეს, რომ საკუთარი შემოქმედება სხვა ადამიანებისთვისაც გაეზიარებინათ. ამგვარად მათ ბევრი ადამიანის სიყვარული და მხარდაჭერა მოიპოვეს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც.

საზოგადოებისგან მიღებულმა დადებითმა ემოციებმა კი გადააწყვეტინეს, რომ საქმიანობა გააგრძელონ და თავიანთი შემოქმედება უფრო მრავალფეროვანი გახადონ.

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე
| Print |