ეკონომიკა
6 თებერვალს დაუმორჩილებლობის აქცია აღარ გაიმართება - რესტორატორთა ასოციაცია
შაბათს, 6 თებერვალს რესტორნების მიერ დაანონსებული დაუმორჩილებლობის აქცია აღარ გაიმართება. ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის წარმომადგენელმა, შოთა ბურჯანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მათი თქმით, თვითნებურად გახსნას აღარ გეგმავენ და 15 თებერვლამდე დაიცდიან.

,,ეს იმას არ ნიშნავს, რომ სარესტორნო ბიზნესისთვის, კონკრეტულად ამ შემთხვევაში 15-დან გარე სივრცეების გახსნა დიდი ან მცირედი მაინც დადებითი იმპულსის მომტანი იყოს. რესტორნების დიდი უმრავლესობისთვის, მითუმეტეს ამ ამინდში, არაფერი ბენეფიტის მომტანი არ არის. ჩვენ დღეს შეგვიძლია დავაანონსოთ, რომ ეს დაუმორჩილებლობის აქტი თუ სიცოცხლის ბრძოლის აუცილებლობა გადაიწევს რამდენიმე კვირით, თუ ხელისუფლება არ განიხილავს რესტორნების ნორმალური ფუნქციონირებით შესაძლებლობას, რეგულაციების ფარგლებში", - თქვა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ.

მიუხედავად ამისა, შაბათს აქციას მაინც გამართავენ "სოციალური აფეთქების" წევრები, მათ შორის ბიზნეს სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებსაც შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ტალღაც არ შეეხოთ.

აქციას მთავრობის კანცელარიასთან დაანონსებული აქვს "სირცხვილიას", ისინი კომენდანტის საათის გაუქმებას, გაუმართლებელი რეგულაციების მოხსნასა და კრიზისის მართვის გეგმას ითხოვენ.
| Print |