რეგიონი
ირანმა ისრაელისკენ უპილოტო თვითმფრინავებიბი გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით კამიკაძე დრონი გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის ("ცაჰალი") სარდლობამ შაბათს საღამოს განაცხადა.

ერაყული მედიის ინფორმაციით, ერაყის ცაზე არაერთი უპილოტო თვითმფრინავი დააფიქსირეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვა მზად არის თავდასხმის მოსაგერიებლად. ირანის მხრიდან შესაძლო საავიაციო იერიშების შესახებ ბოლო დღეებში უამრავი მედიასაშუალება წერდა. ამის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირანი სერიოზულად გააფრთხილა.

„ჩვენ ისრაელის დაცვის ერთგული ვართ. ჩვენ ისრაელს დავუჭერთ მხარს. ჩვენ შეგვიძლია ისრაელის დაცვა და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ლოგისტიკის სარდლობამ, რომელიც პასუხისმგებელია სამოქალაქო თავდაცვის საკითხებზე, შაბათს გადაწყვიტა დროებით შეაჩეროს საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. შაბათს საღამოს გამოქვეყნდა შესაბამისი ოფიციალური ინსტრუქციები.

მანამდე ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის სავარაუდო იერიში შეიძლება იყოს კომბინირებული - თვითმფრინავებისა და რაკეტების გამოყენებით. დარტყმა შეიძლება მიმართული იყოს სამხედრო სამიზნეებზე. მისი სიმძლავრის შეფასება ამ დროისთვის რთულია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შაბათს საღამოს სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზად არის ირანის მხრიდან შესაძლო პირდაპირი თავდასხმისთვის. მან ისრაელის მცხოვრებლებს მოუწოდა მკაცრად დაიცვან ლოგისტიკის სარდლობის ბრძანებები და ასევე განაცხადა, რომ თუ ირანი ისრაელს დაარტყამს, ეს შედეგების გარეშე არ დარჩება.

ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ირანული მედიის ცნობით 1 აპრილს ისრაელმა ავიადარტყმა განახორციელა დამასკში, ირანის საელჩოს მახლობლად მდებარე შენობაზე, რის შედეგადაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრი დაიღუპა.

ირანის ცნობით თავდასხმისას დაღუპულებს შორის არიან ირანის საგანგებო დანიშნულების რაზმების, ყუდსის ძალების ერთ-ერთი მეთაური, ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი მოჰამედ ჰადი რაჰიმი და მათი ხუთი კოლეგა.

ირანის ხელისუფლება დაიმუქრა, რომ შურს იძიებს თავისი ოფიცრების, მათ შორის, IRGC-ის ორი გენერლის დაღუპვის გამო

„შურისძიების გადაწყვეტილება მიღებულია და ის აუცილებლად განხორციელდება“, - თქვა IRGC-ის ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა მოჰსენ რეზაიმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 4 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დაარტყამს ყველას, „ვინც ჩვენ ზიანს მოგვაყენებს“ ან გეგმავს ამას.

ისრაელს საკონსულო დეპარტამენტზე თავდასხმის გარშემო კომენტარი არ გაუკეთებია.

წყარო:  რადიო თავისუფლება
| Print |