სომხური და აზერბაიჯანული მხარე ბრძოლის შედეგებს აქვეყნებს
სომხური და აზერბაიჯანული მხარე ბრძოლის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

სომხეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელის არცრუნ ჰოვანისიანის განაცხადებით, აზერბაიჯანის მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან ამ დრომდე სომხურმა მხარემ მოწინააღმდეგის 790 ჯარისკაცი გაანადგურა. 

„განადგურებულია 790 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, მათგან 180 - ქალბაჯარის რაიონში. აზერბაიჯანულ მხარეს 1900 დაშავებული ჰყავს, განადგურებულია მათი 137 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 72 უპილოტო საფრენი აპარატი, 7 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი,“- განაცხადა ჰოვანისიანმა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი 27 სექტემბრიდან დაჭრილი და დაღუპულია 2 300-მდე სომეხი ჯარისკაცი, გარდა ამისა, განადგურებულია 130 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 25-მდე საჰაერო თავდაცვითი სისტემა, იარაღის 5 საწყობი, 50-მდე ტანკსაწინააღმდეგო სისტემა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გუშინდელი ბრძოლის დროს აზერბაიჯანულმა ძალებმა ხოჯალის რეგიონში საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-300-ი გაანადგურეს.

შეგახსენებთ, რომ სომეხ და აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. დაპირისპირების შედეგად დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
| Print |