მტერი თავს ესხმის ლისიჩანსკს, ზარალი დიდია
რუსული ძალები თავს ესხმიან ლისიჩანსკს პოპასნაიის მიმართულებიდან, ქალაქში უამრავი დანგრეული საცხოვრებელი სახლი და ინფრასტრუქტურული ობიექტია, - ამის შესახებ ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი ჰაიდაი იუწყება.

მისი თქმით, ლისიჩანსკში, ვოლჩეაროვკაში, ლოსკუტოვკასა და ვერხნეკამენკაში რუსები აგრძელებენ საცხოვრებელი, სამრეწველო და ადმინისტრაციული ობიექტების განადგურებას.

„26 ივნისს ოკუპანტების ავიაციამ საჰაერო დარტყმები განახორციელა ლისიჩანსკსა და ვოლჩეიაროვკაზე. ვოლჩეაროვკაში ბრძოლები მიმდინარეობს. რუსებმა ვერხნეკამენკას რაიონში შეტევა სცადეს, მაგრამ ისინი აიძულეს, უკან დაეხიათ. ლისიჩანსკში ზარალი დიდია. რუსებმა წმიდა მიტროფანოვსკის ტაძრისა და წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ტაძრის შენობებს ცეცხლი გაუხსნეს“, - წერს ჰაიდაი.

მისი თქმით, ლისიჩანსკში ბოლოს განხორციელებული თავდასხმის დროს სულ მცირე ხუთი მაღალსართულიანი კორპუსი დაინგრა, მათგან ერთში ერთდროულად 10 ბინა დაიწვა. ერთ-ერთ ქუჩაზე კი ექვსი კერძო სახლი დაინგრა.

„ისინი ცდილობენ ქალაქის ბლოკირებას სამხრეთიდან, ამავდროულად ანადგურებენ ყველაფერს. ლისიჩანსკის მიმართულებით თავდაცვას ვინარჩუნებთ“, - აღნიშნა ლუჰანსკის ოლქის ხელმძღვანელმა.
| Print |