ისრაელი ცეცხლს არ შეწყვეტს
,,ისრაელი არ შეწყვეტს ცეცხლს" - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. ის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც რამადანის თვეში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა. რეზოლუცია ეხებოდა მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდას.

,,ისრაელი გაანადგურებს "ჰამასს" და გააგრძელებს ბრძოლას, ვიდრე უკანასკნელი მძევლები არ დაბრუნდებიან სახლში,"- წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელ-"ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია 25 მარტს მიიღო. რეზოლუციას მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა.

დოკუმენტი ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ყველა მძევლის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.

რეზოლუციისთვის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა აშშ-მა. გაეროში შეერთებული შტატების ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, კენჭისყრაში თავი შეიკავა, რადგან ის არ ეთანხმება ყველაფერს რეზოლუციაში და ტექსტი არ შეიცავს "ჰამასის" დაგმობას.

,,პალესტინელი ხალხი ძალიან დაზარალდა. ეს სისხლისღვრა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ჩვენი ვალდებულებაა, დავასრულოთ ეს სისხლის აბანო, სანამ ძალიან გვიან არ არის," - განაცხადა ალჟირის ელჩმა გაეროში ამარ ბენჯამამ.
| Print |