როგორ უნდა შევარჩიოთ მტვერსასრუტი ჩვენი სახლისთვის? (R)
WALL-E — ბევრისთვის საყვარელი, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ანიმაციური ფილმია, რომელიც 2008 წელს Pixar Animation Studios-ს მიერ არის გადაღებული. ანიმაცია, საყვარელი რობოტის ამბავს გვიყვება, რომელიც დედამიწაზე დაბაჯბაჯებს და ადამიანების მიერ დატოვებულ ნაგავს აგროვებს, შემდეგ ახარისხებს და არა, ჭერში არ აწყობს, უბრალოდ ერთად აწყობს, რომ დედამიწაზე ადამიანებმა დაბრუნება შეძლონ. შესაძლოა, სწორედ ეს პერსონაჟი დაედო საფუძვლად თანამედროვე რობოტი მტვერსასრუტების იდეას. ისინიც, WALL-E-ის მსგავსად ჩვენს საარსებო გარემოში ჩუმად დადიან და რუდუნებით ასუფთავებენ იატაკის ზედაპირს. თუმცა, WALL-E მომავლის ამბავს გვიყვება, რა ხდებოდა წარსულში, როდესაც ადამიანებმა ჰიგიენის მნიშვნელობის შესახებ ჯერ არაფერი იცოდნენ.

თითოეულ ჩვენგანს უფიქრია, როგორი იყო ყოველდღიური ცხოვრება ძველ დროში, იქამდე, სანამ ადამიანები ელექტრულ მუხტს აღმოაჩენდნენ, სანამ სინათლე მოეფინებოდა ოთახებს და თანამედროვე ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიები გაჩნდებოდა. ალბათ, გასაკვირი არ იქნება თუ უბრალოდ მარტივად ვიტყვით, რომ, - არც ისე კომფორტული. შუა საუკუნეების სასახლეებიც კი, ახლოსაც ვერ მოვა თანამედროვე სტანდარტულ ბინასთან, ნებისმიერ ურბანულ სივრცეში. მოწყენილობისა და სიბნელის გარდა, არისტოკრატების სამყოფელში არც ისე სახარბიელო სანიტარული მდგომარეობა იყო. მეჩვიდმეტე საუკუნემდე, ანუ იქამდე სანამ, ანტონ ვან ლევენჰუკი — ნიდერლანდელი ბუნებისმეტყველი და მეცნიერული მიკროსკოპიის ფუძემდებელი მიკროორგანიზმებს აღმოაჩენდა, ადამიანებმა არც კი იცოდნენ სანიტარიის შესახებ და მხოლოდ უსიამოვნო სუნი თუ გახდებოდა შემაწუხებელი. თუმცა, მეცნიერული სიახლეები ფართოდ საკმაოდ გვიან ვრცელდებოდა საზოგადოებაში და რასაკვირველია, სწრაფი ცვლილებები არც ამ აღმოჩენას მოჰყოლია.

ნიდერლანდელი ოსტატის იან ვერმეერის - „გეოგრაფი“ საქმეში ჩაძირულ მეცნიერს ასახავს. ამას ხელს გარემოც უწყობს - კაბინეტი, ქაღალდები, ხელსაწყოები და რუკები. როგორც ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები მიიჩნევენ, ამ ნახატისთვის მოდელი და შთაგონების წყარო შეიძლება ენტონი ვან ლევენჰუკი ყოფილიყო, რომელიც მხატვრის თანამემამულე (ორივე მათგანი დელფტიდან იყო) და თანატოლია, 7დღის განსხვავებით.

თავისი გამოგონებით პირველად ლევენჰუკმა დაინახა, სისხლი როგორ ცირკულირებდა სისხლძარღვებში. მან აღმოაჩინა, რომ სისხლი არის არა ერთგვაროვანი სითხე, როგორც ამას მისი თანამედროვეები ფიქრობდნენ, არამედ ის ცოცხალი ნაკადია, რომელშიც უამრავი პატარა ნაწილაკი მოძრაობს. ახლა მათ სისხლის წითელ უჯრედებს უწოდებენ. სწორედ, ამით დაიწყო კაცობრიობის ისტორიაში დიდი ეპოქა, რომელმაც აქამდე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა და ფაქტობრივად, თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის საწინდარი გახდა.

მიკრობები ადამიანის ორგანიზმის დაუძინებელი მტრები არიან და ისინი, იმდენადვე საშიშები არიან, რამდენადაც შეუმჩნეველნი. თვალისთვის უხილავ მავნე ორგანიზმებს, რომლებიც მთელ სახლში არიან მიმოფანტულნი, მხოლოდ მტვერსასრუტი ებრძვის ეფექტურად. დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიური კომპანიების მიერ, ბაზარზე წარმოდგენილია მტვერსასრუტების ფართო არჩევანი. ისინი, სხვადასხვა სახის არის და განსხვავდება როგორც სიმძლავრით, ასევე ერთმანეთისგან განსხვავებული დანიშნულება აქვთ.

მტვერსასრუტის შერჩევა მარტივი არ არის, ვიღაცას კლასიკური სტანდარტული მტვერსასრუტი უნდა, მტვრის შესაგროვებელი ტომრით. ვიღაცას ვერტიკალური და უსადენო მტვერსასრუტი ურჩევნია. ხოლო, სხვის მოთხოვნებს რობოტი მტვერსასრუტი აკმაყოფილებს, რომელიც მთელ სახლში დამოუკიდებლად დასრიალებს და WALL-E-ს მსგავსად ჩვენი კეთილდღეობისთვის იღვწის.

როგორც უკვე ვთქვით, უპირველესად მთავარია მტვერსასრუტის ტიპი შეარჩიო, ხოლო შემდეგ ყველაფერი შედარებით მარტივდება.

რა სახის მტვერსასრუტები არსებობს

როგორც უკვე ვთქვით, სხვადასხვა ტიპის მტვერსასრუტები არსებობს და ისინი დანიშნულების მიხედვით განსხვავდება.

სტანდარტული მტვერსასრუტი ბორბლებიანი კორპუსისგან შედგება, რომელსაც მტვრის შესაგროვებელი ტომარა და ჩაშენებული ძრავა აქვს, ხოლო კორპუსზე შეწოვის მილი - შლანგია მიმაგრებული. ეს მტვერსასრუტი ელექტროქსელიდან სადენის მეშვეობით იღებს ენერგიას.
ვერტიკალური მტვერსასრუტი მცირეგაბარიტიანი მოწყობილობაა, რომელსაც მხოლოდ კორპუსი და მილი აქვს, რაც თავის მხრივ ერთიან სტრუქტურას წარმოადგენს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ელექტროქსელიდან სადენის მეშვეობით, ასევე აკუმულატორით. ეს მტვერსასრუტი ძალიან მცირე ადგილს იკავებს, მაგრამ შეწოვის სიმძლავრე დაბალი აქვს, ისევე როგორც მტვრის შესაგროვებელი ტომრის მოცულობა. გარდა ამისა, მისი დახმარებით ვერ შეძლებ ჭერიდან აბლაბუდების ჩამოწმენდას. ეს მტვერსასრუტი იდეალურია პატარა ბინებისთვის, სადაც არ არის ხალიჩები და არ ჰყავთ შინაური ცხოველები.

ხელის მტვერსასრუტი დაბალი სიმძლავრის კომპაქტური მოწყობილობაა, რომელიც ელემენტებზე მუშაობს. ამ მტვერსასრუტით სახლის დალაგება გაგიჭირდება, მაგრამ იდეალურია ავტომობილისთვის, იმისთვის, რომ ადვილად გაწმინდო ქვიშისგან, მიწისა და სხვა წვრილი ნაგვისგან.

რობოტი მტვერსასრუტი ჭკვიანი მოწყობილობაა, რომლებიც სახლში შესანიშნავად ინარჩუნებენ სისუფთავეს, აშორებენ მტვერს და მათთვის მისაწვდომ ადგილას მცირე დამაბინძურებლებს, ზოგიერთ მოდელს სველი წმენდაც შეუძლია. ეს მტვერსასრუტები ელემენტით მუშაობს და დატენას საჭიროებენ. არის მოდელები, რომლებიც სპეციალურად დიდი სახლების დასალაგებლად არის განკუთვნილი, თავისუფლად შეუძლია დაბრკოლებების დამოუკიდებლად დაძლევა და ხალიჩებსაც იდეალურად ასუფთავებს.

ჰიბრიდული მოდელები მტვერსასრუტის ვერტიკალური და მექანიკური ნაწილებისგან შედგება. ასევე გვხვდება ვერტიკალური მტვერსასრუტები, რომლებსაც ძრავა და მტვრის კოლექტორი სახელურთან, ზევით აქვს მოთავსებული, ხოლო მილის მოხსნის შემთხვევაში ისინი ხელის მტვერსასრუტებად იქცევიან. ეს მტვერსასრუტი კარგია მსუბუქი ყოველდღიური დასუფთავებისთვის, ამასთანავე ისიც შეგიძლია გამოიყენო როგორც ელექტროსადენით, ასევე ელემენტების მეშვეობით.

მტვერსასრუტის სიმძლავრე

მტვერსასრუტებს აქვთ მოხმარების სიმძლავრე და შეწოვის სიმძლავრე. რაც უფრო მაღალია პირველი პარამეტრი, მით მეტ ხმაურს გამოსცემს მტვერსასრუტი. გაცილებით მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციო იმ სიმძლავრეს, რომელიც მტვრის მოსაცილებლად არის განკუთვნილი. 260 ვატზე ნაკლები სიმძლავრის მოდელებზე ჯობს საერთოდ არ იფიქრო, ისინი დალაგებისთვის არ გამოგადგება. მტვერსასრუტი 300 ვატიანი შეწოვის სიმძლავრით საკმაოდ კარგად გაართმევს თავს ლამინირებულ იატაკს. ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ მტვრის კონტეინერის შევსებისას სიმძლავრე შემცირდება. 350-დან 450 ვატამდე შეწოვის სიმძლავრე საშუალებას მოგცემს გაასუფთაო ხალიჩები და რბილი იატაკი, გაუმკლავდე მტვრის დიდ ნაწილებს და დალაგების პროცესით სიამოვნება მიიღო.
| Print |
თეგები: მტვერსასრუტი /