სხვადასხვა
ბოლაჯურში გარდაცვლილი გოგონას ოჯახი ბრალდებულის დასჯას მოითხოვს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში 8 წლის გოგონა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

ავტომობილს მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. გოგონას ოჯახი ბრალდებულის დასჯას მოითხოვს.

ბოლაჯურში 8 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე, ავტომობილის მძღოლს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში 3 დეკემბერს გაიმართა. მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–6 ნაწილით წარედგინა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. აღნიშნული მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მეექვსე მუხლის მიხედვით ქმედება ჩადენილია არაფხიზელ მდგომარეობაში.

გარდაცვლილი გოგონა შემთხვევიდან 16 დღეში 9 წლის გახდებოდა. ოჯახი ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.

უბედური შემთხვევა ადიგენის სოფელ ბოლაჯურში 1 დეკემბერს მოხდა. გოგონა სკოლიდან სახლში ძმასთან ერთად ბრუნდებოდა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ავტომობილით ჯერ ძმას, შემდეგ კი გოგონას დაეჯახა. მცირეწლოვანი ბიჭი მსუბუქად დაშავდა, გოგონა კი ადგილზე გარდაიცვალა.

8 წლის გოგონას სოფელ ბოლაჯურის სასაფლაოზე 6 დეკემბერს დაკრძალავენ. 10 დღეში კი ოჯახი 9 წლის იუბილეს მის საფლავზე გოგონას მეგობრებთან ერთად აღნიშნავს.


| Print |