სხვადასხვა
მოხის მუსლიმი მრევლისთვის ახალი მეჩეთი სოფლის ცენტრში აშენდება
მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებით, სპეციალურმა კომისიამ გადაწყვეტილება გამოიტანა. მუსლიმი მრევლისთვის ახალი მეჩეთი სოფლის ცენტრში აშენდება.

მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებით, სპეციალურმა კომისიამ გადაწყვეტილება გამოიტანა. მუსლიმი მრევლისთვის ახალი მეჩეთი სოფლის ცენტრში აშენდება.

მოხის სადავო შენობას ვერც მუსლიმები და ვერც მართლმადიდებლები მიიღებენ. კომისიის გადაწყვეტილებით, „სადავო საკულტო ნაგებობის“ სახელწოდებით, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება, ხოლო მუსლიმი მრევლისთვის სოფლის ცენტრში ალტერნატიული ფართი გამოიყოფა, სადაც სალოცავი სახელმწიფოს ხარჯებით აშენდება. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, მუსლიმმა მრევლმა ძველი სამლოცველო სახლის გამოსყიდვაზე და მათთვის გადაცემაზე უარი განაცხადა.

კომისიის გადაწყვეტილებას ეთანხმებიან, როგორც მუსლიმი, ასევე მართლმადიდებელი ლიდერებიც. დასავლეთ საქართველოს მუფთს მიაჩნია, რომ  სოფლის ცენტრში მეჩეთის აშენება მრევლს ლოცვის პრობლემას მოუხსნის. ბეგლარ ქამაშიძის თქმით, ადგილის შერჩევისას მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მრევლის ინტერესები.

„შენობა არის სადავო და ჩვენ ვერ მივდივართ ერთ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე, ამიტომ მას მიეცემა სტატუსი “ – აცხადებს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი.  მეუფე თეოდორეს თქმით, სალოცავის ასაშენებლად ალტერნატიული ფართი შეირჩევა ისე, რომ მისაღები იყოს როგორც მართლმადიდებლებისთვის, ასევე მუსლიმებისთვის.

როდის დაიწყება ახალი მეჩეთის მშენებლობა მოხეში ჯერჯერობით უცნობია. სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი იწმუნება რომ საკითხი დროში არ გაჭიანურდება.

მოხის მუსლიმი მოსახლეობა შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება. მათ მიაჩნიათ, რომ მეჩეთის ასაშენებლად ახალი ფართის გამოყოფით პრობლემა არ გადაიჭრება

მართლმადიდებელი მოსახლეობითვის სოფლის ცენტრში მეჩეთის აშენების გადაწყვეტილება მისაღებია. ისინი ამბობენ, რომ  სადავო შენობის მუსლიმებისთვის გადაცემას არ დაუშვებენ.

მოხის სადავო შენობის წარმომავლობისა და ისტორიული მესაკუთრის დასადგენად სპეციალური კომისია  2014 წლის 2 დეკემბერს შეიქმნა. ორწლიანი მსჯელობის შემდეგ კომისიის შექმნის მთავარი მიზანი მიღწეული არ არის.

„სადავო საკულტო ნაგებობის“ მოვლა შენახვის პროექტს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო  11 კაციანი ჯგუფს  2017 წლის 30 იანვარს, 15:00 საათზე  თბილისში წარუდგენს, სადაც კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.

ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.


| Print |