რელიგია
„სანამ მაჭუტაძეს, კოხოძესა და ენდელაძეს არ ჩამოაშორებთ თანამდებობებს, პრობლემა არ მოგვარდება“ – ტარიელ ნაკაიძე
„სანამ გუბერნატორ მაჭუტაძეს, პოლიციის უფროსს კოხოძესა და ადიგენის გამგებელ ენდელაძეს არ ჩამოაშორებთ თანამდებობებს, პრობლემა არ მოგვარდება“

– ასე გამოეხმაურა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ერთ–ერთ მასალას facebook-ის გვერდზე. იგივე განცხადება ტარიელ ნაკაიძემ 4 მარტს ბათუმში, ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გამართულ აქციაზეც გააკეთა:

„ჩვენი ეკომიგრანტი ძმები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ, დღეს სერიოზულ დისკრიმინაციას განიცდიან. ერთ–ერთი გამოვლინება ეს იყო სასაფლაოებთან დაკავშირებით, სოფელ ადიგენში. მართალია, სასაფლაოების საკითხი გარკვეულწილად გადაწყდა, თუმცა, კერა არის მაინც პრობლემისა. იქ ადამიანები სცემეს. ტყუილად სცემეს და ეს ადამიანები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის გუბერნატორს მოეკითხოს საკმაოდ სერიოზული პასუხი – მაჭუტაძეს, ასევე ადიგენის რაიონის გამგებელს – ენდელაძეს, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან მაპროვოცირებელი აღნიშნული ფაქტებისა. თვითონ გამგებელი ესწრებოდა ამ ადამიანების ცემას და როგორც მინიმუმ, პოლიციაც არ გამოუძახებია“ – აცხადებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ადიგენში, მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა, ერთმანეთს ახალი სასაფლაოს გახსნის გამო, 29 თებერვალს დაუპირისპირდა. მცირე დაზიანებები მიიღო რამდენიმე ადამიანმა დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმება მხოლოდ ორდღიანი დაპირისპირების შემდეგ შედგა. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად,  მუსლიმებისა და ქრისტიანების საერთო სასაფლაო გაიხსნება.

 

| Print |