სხვადასხვა
როგორ დავიცვათ თავი გველის ნაკბენისგან?
აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე საშიშია კაკვკასიური გიურზა, ხოლო დასავლეთ საქართველოში – კავკასიური და ველის გველგესლა.
როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველის ნაკბენი?
შხამიან გველს აქვს ორი კბილი, რომლებშიც მოთავსებულია შხამი. კბენისას ის ორგანიზმში დაახლოებით ნახევარ მილილიტრ შხამს უშვებს. შხამიანი გველის ნაკბენ ადგილას, ერთმანეთისგან დაახლოებით 1 სმ-ის დაშორებით, რჩება ორი წერტილი ნამგლისებური ჩანაჭდევებით, ხოლო უშხამოს ნაკბენ ადგილას – რამდენიმე, თუმცა ორი წერტილი შესაძლოა ამ შემთხვევაშიც იყოს.
რას იწვევს გველის შხამი?

ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულისა. ის შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ფერმენტებს, პოლიპეპტიდებს, რომლებიც ართულებს სისხლის შედედებას, იწვევს ერითროციტების (სისხლის წითელი ბურთულების) დაშლას და აზიანებს სისხლძარღვთა კედლებს, რაც, ბუნებრივია, ყველა ორგანოსა თუ ორგანოთა სისტემაზე აისახება.
რა სიმპტომები ახასიათებს გველის ნაკბენს?


ნაკბენ არეში კბენისთანავე აღმოცენდება ძლიერი ტკივილი, წვა, მცირე სისხლდენა, კანქვეშა სისხლჩაქცევები, შეშუპება, რომელიც სწრაფად ვრცელდება და სილურჯე. შეშუპებამ შესაძლოა ზეწოლა მოახდინოს სისხლძარღვებსა და, საზოგადოდ, ქსოვილებზე და გამოიწვიოს მათი კვდომა, რაც ინტოქსიკაციას უფრო მეტად გააძლიერებს. ზოგადი სიმპტომებიდან აღინიშნება აღგზნება, შიშის შეგრძნება, ძლიერი ნერწყვდენა, ტკივილი მუცლის არეში, სუნთქვის გაძნელება, პულსის მომატება, წნევის ვარდნა, რასაც შესაძლოა გონების დაკარგვაც მოჰყვეს.

თუ მკურნალობა დაგვიანდა ან არასწორად ჩატარდა, დაკბენილი შესაძლოა რამდენიმე საათში დაიღუპოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობით (გააჩნია შხამის დოზასა და ადამიანის აღნაგობას რაც უფრო მცირე ასაკისაა დაზარალებული, მით უფრო სწრაფად ხდება ინტოქსიკაცია და შედეგიც მძიმეა).
რა მნიშვნელობა აქვს კბენის ადგილს?

რაც უფრო ახლოსაა, მაგალითად, გიურზას ნაკბენი წამყვან სასიცოცხლო ორგანოებთან, გულთან, მით უფრო სწრაფად ვითარდება ზოგადი ინტოქსიკაცია. სახესა და სხეულზე კბენისას შეშუპება შესაძლოა უფრო სწრაფად განვითარდეს, ვიდრე კიდურზე კბენის შემთხვევაში.
რა უნდა გაკეთდეს პირველი დახმარებისთვის და რისი გაკეთება არ შეიძლება?

მნიშვნელოვანია ნაკბენი ადგილიდან შხამის გამოდევნა პირველი 10 წუთის განმავლობაში. თუ ნაკბენი კიდურზეა, დაკბენილს შეუძლია, თვითონვე ამოწოვოს შხამი (იმ პირობით, რომ პირის ღრუს ლორწოვანი დაზიანებული არ აქვს), ანდა ეს გააკეთოს იქ მყოფმა სხვა ადამიანმა, შემდგომ კი აუცილებლად გამოირეცხოს პირის ღრუ. ზოგიერთი ავტორი, დამხმარე პერსონალის მოწამვლის შიშით, ამ მეთოდს უარყოფს, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრილი შხამი საშიში არ არის. კარგი იქნება ნაკბენზე ცივი ტამპონის დადება – ეს სისხლძარღვთა სპაზმს გამოიწვევს და ხელს შეუშლის შხამის გავრცელებას. აუცილებელია მოძრაობის შეზღუდვა, იმობილიზაცია მწოლარე მდგომარეობაში, შეძლებისდაგვარად, საპნიანი ან ჩვეულებრივი წყლით ჭრილობის მობანა და სპირტით დამუშავება, დიდი რაოდენობით სითხის მიცემა. არაფრით არ შეიძლება ნაკბენი ადგილის დასერვა, მოწვა ან ლახტის დადება.ლახტის მოჭერის შემთხვევაში ქსოვილთა სისხლით მომარაგება უფრო მეტად ირღვევა და მათი ნეკროზი (კვდომა) უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ასევე დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება – ის შხამის მოქმედებას აძლიერებს.

| Print |