სოფელ ურაველს ახალი საბავშვო ბაღი აქვს. შენობა 50 აღსაზრდელზეა გათვლილი და ის ურაველს, ახალშენს, წყორძასა და ხეოთს მოემსახურება. აქ 12 ადგილობრივია დასაქმებული. დღემდე, სოფელში მხოლოდ ალტერნატიული ბაღი არსებობდა, სადაც ერთი ჯგუფი ფუნქციონირებდა და დღის 2 საათამდე მუშაობდა.
პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტმა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვორლდ ვიჟენის“ თანადაფინანსებით განახორციელა. შენობის რეაბილიტაციასა და ინვენტარის შეძენას, 83 ათასი ლარი დასჭირდა, აქედან 50 ათასი ლარი მუნიციპალიტეტმა გამოყო, 33 ათასი ლარი კი არასამთავრობო ორგანიზაციამ.
პროექტის ფარგლებში შეიცვალა შენობის სახურავი და კარ–ფანჯარა, მოეწყო ოთახები, მიშენდა სველი წელრტილები და სამზარეულო. ბაღი ახალი ავეჯითა და ტექნიკით აღიჭურვა. რეაბილიტირებული ბაღი დღეს, მუნიციპალიტეტისა და რეგიონის პირველმა პირებმა და ,,ვორლდ ვიჟენის“ წარმომადგენლებმა გახსნეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 9 ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 515 აღსაზრდელი სწავლობს. გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფერსის, წნისისა და ჭაჭარაქის საბავშვო ბაღებს, წელსვეა დაგეგმილი კლდის, წინუბნის, წყალთბილისა და სხვილისის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია.