„პატარა და ლამაზი კუთხე“– ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ნინოწმინდის სოფელ ეშტიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალციხის სამხატვრო სკოლას ესტუმრნენ. ახალგაზრდები სხვადასხვა სუვენირის დამზადების წესს გაეცნენ და პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღეს.
ორი საგანმანათლებლო დაწესებულების პარტნიორობა, სამოქალაქო განათლების პროგრამა „ მომავლის თაობის“ ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ორგანიზაცია PH Initenational–ი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს. პროგრამის მცირე გრანტების საშუალებით, სოფელ ეშტიას #1 საჯარო სკოლის მე-10 კლასმა დაფინანსება მოიპოვა. იგი მიზნად მაგნიტური სუვენირების დამზადებას და გამოფენა-გაყიდვას ისახავდა. საკუთარ სოფელში არსებული კულტურული ძეგლების მინიატურული სუვენირები მათ ახალციხის სამხატვრო სკოლის პედაგოგებთან ერთად დაამზადეს, სუვენირების გამოფენა–გაყიდვა 28 იანვარს ეშტიის N1 საჯარო სკოლაში გაიმართება.