ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ადმინისტრაციას უჩივის. დღეს, 18 იანვარს, ჯუნა ნათენაძემ სარჩელი რაიონულ სასამართლოში შეიტანა. მუზეუმის დარბაზის ყოფილ მეთვალყურეს მიაჩნია, რომ ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ უკანონოდ გაათავისუფლა. შესაბამისად, იგი ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს.
როგორც ჯუნა ნათენაძემ ტელეკომპანია ,,მეცხრე არხთან“ განმარტა,
აღნიშნული პრობლემა თითქმის ყველა ხელშეკრულების დასრულების შემდეგ
პერიოდულად ჰქონდა, მისი გვარი გათავისუფლებულთა სიაში
მიზანმიმართულად ხვდებოდა, რის შემდეგაც, სამუშო ადგილის
შენარჩუნებისათვის იბრძოდა. ამბობს, რომ თუკი საბოლოოდ სასამართლო
გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ გამოიტანს, სამსახურში აუცილებლად
დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის ციხიდან ჯუნა ნათენაძესთან ერთად,
დეკემბრის ბოლოს, 16 ადამიანი უმუშევარი დარჩა. გათავისუფლების
შესახებ გადაწყვეტილება ციხის ადმინისტრაციამ 9 გიდს, 3 მეთვალყურესა
და 4 მარეგულირებელს ოფიციალურად 29 დეკემბერს, თათბირზე განუცხადა.
თუმცა აქედან, შრომითი ხელშეკრულება ოთხ მარეგულირებელს ისევ
გაუგრძელდა. ციხის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ აპრილის თვიდან,
დათხოვილი თანამშრომლების ხელშეკრულებით აყვანა იგეგმება, თუ მათ ამის
სურვილი ისევ ექნებათ. თუმცა აღნიშნული მუზეუმის დარბაზის
მეთვალყურეებს არ ეხებათ. სხვა გათავისუფლებული თანამშრომლები ამ
ეტაპზე არ ჩივიან.