რეგიონი
სომხეთი აზერბაიჯანს ჰააგაში უჩივის
სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა. ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხური ბიურო ავრცელებს.

ჰააგის სასამართლოს განცხადებით, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ,,ათობით წლის განმავლობაში სომხები აზერბაიჯანის მხრიდან რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო" და "სახელმწიფოს მიერ გატარებული ანტისომხური პოლიტიკის გამო სომხები მუდმივად იყვნენ დისკრიმინაციის, მასობრივი მკვლელობის, წამებისა და სხვა დამცირებების მსხვერპლი".

სომხეთი ხაზს უსვამს, რომ ძალადობა მიმართულია სომხური ეროვნებისა და წარმომავლობის მიმართ.

,,ეს პრაქტიკა კვლავ იქნა გამოყენებული 2020 წლის სექტემბერში არცახის რესპუბლიკასა [მთიან ყარაბაღზე] და სომხეთზე აზერბაიჯანის აგრესიის შემდეგ. ამ შეიარაღებული კონფლიქტის დროს აზერბაიჯანმა სერიოზულად დაარღვია საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ", - ნათქვამია სარჩელში.

ერევანი ასევე აღნიშნავს, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგაც აზერბაიჯანი აგრძელებდა მკვლელობას, წამებასა და სხვა მეთოდებით სომეხი ტყვეებისა და დაკავებულების დამცირებას. სომხეთი მოითხოვს, რომ აზერბაიჯანმა პასუხი აგოს კონვენციის დარღვევისთვის.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაქო თავს დაიცავს და შემხვედრ საჩივარს შეიტანს.
| Print |