შალვა გოგოლაძე ვაჟა ჩიტაშვილს უპირისპირდება
“თავისუფალი დემოკრატების” რეგიონული კოორდინატორი “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს უპირისპირდება. შალვა გოგოლაძე ვაჟა ჩიტაშვილს ცხრა წლის წინანდელ ამბებს უხსენებს.  

“თავისუფალი დემოკრატების” რეგიონული კოორდინატორი “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს უპირისპირდება. შალვა გოგოლაძე ვაჟა ჩიტაშვილს ცხრა წლის წინანდელ ამბებს უხსენებს.  

ვაჟა ჩიტაშვილის გამოსვლამ, სადაც დეპუტატობის კანდიდატმა საზოგადოებას პროგრამა გააცნო და წინასაარჩევნო პერიოდი განიხილა, „თავისუფალი დემოკრატების“ რეგიონული კოორდინატორის გაღიზიანება გამოიწვია. შალვა გოგოლაძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, არ აქვს უფლება თავისუფლების შეზღუდვაზე ისაუბროს. ახალციხე–ადიგენის გაერთიანებული ოლქის ყოფილი კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მხარდამჭერთა ხმების 3.46 % მიიღო, ვაჟა ჩიტაშვილს 9  წლის წინანდელ ამბებს უხსენებს და ბრალს უკანონო ქმედებაში სდებს.

შალვა გოგოლაძის თქმით, ვაჟა ჩიტაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ერთ–ერთი აქტიური წარმომადგენელია და მისი მხრიდან უსამართლო ქმედება საკუთარ თავზე გამოსცადა. როგორც გოგოლაძე ჰყვება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ახალგაზრდა სამხედროს მკვლელობის ბრალდებით 2003 წლიდან სასჯელს იხდიდა.  5 წლის შემდეგ იგი ამნისტიით გათავისუფლდა.  სასამართლოს სამივე ისტანციამ მკვლელობის ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. შალვა გოგოლაძის მიერ მოწვეული  ექსპერტის დასკვნისა და ახლად აღმოჩენილი  გარემოებების გამო, მან საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვა, თუმცა მისი მტკიცებით,  ვაჟა ჩიტაშვილისგან ცილისმწამლებლური დადგენილების მიხედვით უარი მიიღო.

სამართლებრივად, ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო, საქმის ხელახალი გამოძიება ხდება, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამისთვის არანაირი საფუძველი არსებობდა – განმარტავს ვაჟა ჩიტაშვილი, რომელიც შალვა გოგოლაძის მიერ 9 წლის წინანდელი ამბების გახსენებას, წინასაარჩევნოდ გამიზნულ ქმედებას უკავშირებს. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ „მსგავს პროვოკაციულ გამოსვლებს“ მისი მხარდამჭერები არ აჰყვებიან.

ვაჟა ჩიტაშვილი ფიქრობს, რომ შალვა გოგოლაძე მმართველი ძალის დაკვეთებს ასრულებს. პოლიტიკური სიმპათიების შეცვლას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სწორედ ამას უკავშირებს.

კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა არჩევნების მეორე ტურამდე 9 წლის წინანდელი ამბის საჯარო განხილვა, შალვა გოგოლაძე აცხადებს, რომ  ამის წინაპირობა თავად  ვაჟა ჩიტაშვილმა გადაცემა „არჩევნებში“ გამოსვლით შეუქმნა. თუ რატომ არაფერი ითქვა ამის შესახებ  8 ოქტომბრამდე, მაშინ როდესაც გოგოლაძე თავადაც კანდიდატი იყო, ირწმუნება, რომ ამის საშუალება არ მიეცა.

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი  „მეცხრე არხთან“ ღიად იმასაც აფიქსირებს, რომ იგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.


| Print |