სოფელ მოხეს სადავო ნაგებობის შემსწავლელი სპეციალური კომისია შექმნილია. მართლმადიდებელი და მუსლიმი მრევლის რამდენიმე დღიანი დაპირისპირების შემდეგ, მოხის ცენტრში მდებარე შენობის ისტორიულ კუთვნილებას 11 კაციანი ჯგუფი შეისწავლის.
სოფელ მოხეს სადავო საკულტო ნაგებობის საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის. ამის შესახებ ცნობილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საკონსულტაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა. სპეციალური კომისია, რომელიც 2 დეკემბერს შეიქმნა 11 კაცით დაკომპლექტდება, რომელშიც სამი მუსლიმთა თემის, სამი საპატრიარქოს, ორი ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ხოლო თითო-თითო გამგეობის, გუბერნიისა და რელიგიის საკითხთა სააგენტოს წარმომადგენლები იქნებიან. კომისიას რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე უხელმძღვანელებს.
სოფელ მოხეში მუსლიმი მოსახლეობა კომისიასთან ითანამშრომლებს, თუმცა სადავო საკულტო ნაგებობის შესასწავლად სამუშაო ჯგუფის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს. მათი განმარტებით, შენობა მუსლიმ მრევლს ეკუთვნის და მათ დროულად უნდა გადაეცეთ, რადგან ამ დრომდე ისინი დაქირავებულ შენობაში ლოცულობენ.
მუსლიმი მრევლისაგან განსხვავებით, მართლმადიდებლები ვითარების განსამუხტად სპეციალური კომისიის შექმნის აუცილებლობაში დარწმუნებულნი არიან და იმედოვნებენ, რომ კომისიის წევრები ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა მათივე სურვილია, რომ მომავალში დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მოხის ცენტრში მდებარე სადავო შენობა დაიშალოს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის ცენტრში არსებული შენობა ქრისტიანებისა და მუსლიმების დაპირისპირების მიზეზი მას შემდეგ გახდა, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიბლიოთეკის აშენების გადაწყვეტილება მიიღო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ადგილობრივი მუსლიმი თემის მტკიცებით, შენობაში ადრე მეჩეთი ფუნქციონირებდა, მართმადიდებლები კი შენობის ქრისტიანულ წარმომავლობაზე საუბრობენ. რამდენიმე დღიანი დაპირისპირების შემდეგ, შენობის ისტორიული კუთვნილების დასადგენად, ხელისუფლებამ შესაბამისი კომისიის შექმნა გადაწყვიტა. მოხეს სადავო საკულტო ნაგებობის შემსწავლელი კომისიის მორიგი შეხვედრა 2014 წლის 27 დეკემბერს გაიმართება.