კიკბოქსინგის საერთაშორისო ჩემპიონატზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე ნაირ მელიქიანმა პროფესიონალურ რინგზე მორიგი გამარჯვება
მოიპოვა. ფინალური ორთაბრძოლა, 8 ივლისს, სომხეთში გაიმართა.
ახალქალაქელი ნაირ მელიქიანი ირანის სახელით მონაწილე სპორტსმენს შეხვდა და გამარჯვება პირველივე რაუნდში, 10 წამში, მოიპოვა.
საქართველოს ჩემპიონი 81 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
,,პირველ რიგში მადლობელი ვარ უფლის, რადგან რინგზე აშკარად ვგრძნობდი მის მხარდაჭერას. უფალმა ხელი ჩამჭიდა და ამ ემოციით რინგზე გასულმა გავიმარჯვე კიდეც. წამების დათვლის დროს შევძელი ნოკაუტით დამემარცხებინა ჩემი მოწინააღმდეგე, რომელიც 10 წლით უფროსია ჩემზე" – აცხადებს ნაირ მელიქიანი.
2018 წლის თებერვალში, ერევანში გამართულ ჩემპიონატზე, მან ჩემპიონის ქამარი მოიპოვა, რომელშიც სომხეთის, ირანისა და საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
2017 წლის ივლისში, ბათუმში ჩატარებულ საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში, (World martialartsfestival) მან პირველი ქამარი მოიპოვა.
ნაირ მელიქიანი მონაწილეობდა როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ტურნირებში, სადაც მან ჩემპიონის ტიტული კიდევ ოთხჯერ – 2013, 2014, 2015 და 2016 წლებშიც მოიპოვა.