სპორტი
იკერ კასილასი კარიერას დაემშვიდობა
ესპანეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი იკერ კასილასი საფეხბურთო კარიერას ვეღარ გააგრძელებს. პორტუგალიის „პორტუს“ 37 წლის მეკარე 1 მაისს, ვარჯიშის დროს ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიზეზი მიკროინფარქტი აღმოჩნდა და არათუ საფეხბურთო კარიერა, ერთხანს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიც გაურკვეველი იყო.

კასილასს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაცია კარდიოლოგის განცხადების საფუძველზე გავრცელდა. ექიმმა გულშემატკივრები დაამშვიდა, რომ ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მოედანზე დაბრუნების პერსპექტივა კი კარდიოლოგმა საბოლოოდ გამორიცხა - კორონალური სტენდით თამაშის გაგრძელება შეუძლებელი იქნებაო.

37 წლის იკერ კასილასი 2015 წლიდან საფეხბურთო გუნდ პორტოში თამაშობს. ლეგენდარულ მეკარეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიმდინარე სეზონის გამოტოვება მოუწევს. კარიერის დასაწყისიდან 2015 წლამდე იკერ კასილასი რეალ მადრიდში თამაშობდა.

იკერ კასილასმა ესპანეთის ნაკრების რიგებში 1996-2016 წლებში 167 თამაში ჩაატარა. 2010 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო 2008 და 2012 წლებში - ევროპის ჩემპიონი.

| Print |