სპორტი
რაბათის ციხის მხედარი - ბრძოლა ტიტულის მოსაპოვებლად
რაბათის ციხის მხედარი - ამ სტატუსის მოსაპოვებლად 17 მოტომოყვარული და პროფესიონალი იბრძვის. სტარტი სოფელ ღრელის ასახვევიდან 13:30 სთ დაიწყო და პირველი მონაწილე სავარაუდოდ 15:00 სთ-თვის უნდა მივიდეს რაბათის ტერიტორიაზე.

შეჯიბრის მთავარი მსაჯი და კლუბის ვიცეპრეზიდენტი მამუკა ფეიქრიშვილი მეცხრე არხთან განმარტავს, რომ თბილისიდან ,,ენდურო ჯორჯიას" და ახალციხის მოტოკლუბის (caste riders) ეს პირველი ერთობლივი შეჯიბრია ახალციხეში.



,,ძალიან აზარტულია, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენი ლკუბისთვის, ქალაქისთვის, ახალციხის ციხის პიარია და მომდევნო წლებში იმედია უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება ქალაქისგან. ძალიან რთული რელიეფია, კედელია, კლდეა, ვიწრო ბილიკებია, წყალში უნდა ჩავიდეს, აღმართია გასავლელი, მოკლედ რთულია ძალიან.. მომავალში ალბათ უფრო სერიოზულს ჩავატარებთ, საერთაშორისო დონეზეც, თუ რა თქმა უნდა, ცოტა მეტი მხარში დგომა გვექნება მუნიციპალიტეტიდან " - ამბობს მამუკა ფეიქრიშვილი.



მამუკა ფეიქრიშვილის განმარტებით, მთის მოტოციკლეტებით მონაწილეებს 40 კმ-იანი ურთულესი მონაკვეთის გავლა მოუწევთ. სიგელები, სერტიფიკატები და საჩუქრები ახალციხის მერიამ უზრუნველყო. მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი მიიჩნევს, რომ მსგავსი შეჯიბრებები ახალციხეში ხშირად უნდა გაიმართოს.



,,ახალციხის მოტომოყვარულთა კლუბი რამდენიმე წელია არსებობს, მათ ჰყავთ მეგობრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და სწორედ მათი ინიციატივით გაიმართა ეს ტურნირიც - რაბათის ციხის მხედარი. გუშინ საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდა, სადაც მონაწილეებს რიგის ნომრები გაუნაწილდათ, დღეს კი გამარჯვებული ციხესთან გამოვლინდება" - ამბობს ზაზა თამარაშვილი.

მისივე თქმით, დღევანდელი შეჯიბრი ახალციხის მოტომოყვარულთა კლუბის ინიციატივით გაიმართა.



ახალციხის მოყომოყვარულთა კლუბის სახელი, ქართულ ენაზე ციხის რაინდს ნიშნავს. სწორედ დღეს გაირკვევა, ვის ერგება მომავალ შეჯიბრებამდე ახალციხის ციხის მხედრის ტიტული.



| Print |