სპორტი
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ახალციხელმა მძლეოსნებმა მოიგეს
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის ფინალში, ბიჭებსა და გოგოებს შორის გამარჯვება ახალციხელმა მოსწავლეებმა მოიპოვეს. მესამე სკოლის ბიჭების და მეექვსე სკოლის გოგოების გუნდები გეზრბენში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

ფინალური შეჯიბრება ოზურგეთში გაიმართა, სადაც 12-ივე მოსწავლე 23 ივნისს გაემგზავრა. გამარჯვებულები ახალციხეში 28 ივნისს დაბრუნდებიან.

"ბიჭებმა 1 300 მეტრი, გოგოებმა კი 1 100 მეტრი ირბინეს. ჯერ დასავლეთ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, ახლა კი ფინალიც მოიგეს. დიდი წარმატებაა ახალციხისთვის. გოგოების სამი და ბიჭების ორი გუნდი მონაწილეობდა", - გვითხრა მერიის სპორტის სამსახურის თანამშრომელმა გელა ძამუნაშვილმა, რომელიც ახალციხელ მოსწავლეებს თან ახლავს. 

ორივე გუნდი 2020 წელს სლოვაკეთში, საქართველოს სახელით იასპარეზებს. 

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.
| Print |