შიტორიუ კარატე დოს ახალციხელი სპორტსმენები ჩემპიონატებისთვის ემზადებიან. აპრილის თვეში ესპანეთში ევროპის ღია ჩემპიონატი გაიმართება, სადაც ახალციხელი კარატისტებიც არიან მიწვეულნი. გარდა ამისა, სპორტსმენები ახლო მომავალში სკოლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზებენ, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება.
ჩემპიონატებისთვის მზადების პარალელურად, ახალციხეში გამოცდა–სემინარები ჩატარდა. სპორტსმენების შესაძლებლობები შიტოკაი კარატე დოს ასოციაციის წარმომადგენლებმა შეაფასეს. გამოცდები წელიწადში სამჯერ ტარდება და ყოველ ჯერზე კარატისტები ახალ საფეხურზე გადადიან. წარმატებული ახალგაზრდები სპორტულ საქმიანობას თბილისშიც აგრძელებენ.
შიტოკაი კარატე დოს ასოციაციის წარმომადგენლები ახალციხელი სპორტსმენების შესაძლებლობებზე საუბრობენ და მათზე დიდ იმედებს ამყარებენ. მთავარი ინსტრუქტორის თქმით, ამის საფუძველს, გასული წლის ჩემპიონატებზე ახალგაზრდების მიერ მიღწეული წარმატებები აძლევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ შიტორიუ კარატე დოს ახალციხელი სპორტსმენები, მალე ვარჯიშს ხის იატაკის ნაცვლად, ტატამზე შეძლებენ, რომელსაც ახლო მომავალში ახალციხის მერია შეუძენს.