სპორტი
ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაკურიანში საბაგიროების მშენებლობა იწყება
დღეს ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა.

საბაგიროების მშენებლობა, თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დიდველის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს.

ავსტრიულ-შვეიცარიულ კომპანიასთან ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ გააფორმა.

ირაკლი ბახტაძის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ მთის და ზამთრის კურორტების განვითარებაა.

„როგორც რიგითი ქართველი, ძალიან ამაყი ვარ, რომ საქართველო 2023 წელს უმასპინძლებს ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატს. ეს არის დიდი გამარჯვება და პასუხისმგებლობა. ამასთან, ეს ნიშნავს ძალიან დიდ ნდობას, რომელიც ჩვენ გამოგვიცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ. ეს ნდობა აჩვენებს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველოს აქვს სწორი, ეფექტური და მიზანმიმართული სტრატეგია ჩვენი ზამთრის კურორტების განვითარებისთვის. მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქარველო გახდეს წარმატებული ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანა. აუცილებელია ჩვენ გავზარდოთ ცნობადობა და ძალიან მიხარია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში შევძელით და ორჯერ გავზარდეთ ტურისტების რაოდენობა ზამთრის კურორტებზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობისთვის მთის და ზამთრის კურორტები არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი“,- განაცხადა ბახტაძემ ბაკურიანში.
| Print |