ბაკურიანში გარდაცვლილი სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი დღეს, 10 იანვარს დაკრძალეს. სპორტსმენის დაკრძალვას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, უწყების წარმომადგენლები და სნოუბორდის ფედერაციის პირველი პირები დაესწრნენ.
სნოუბორდოსტები ჩამოვიდნენ ყაზბეგიდან და გუდაურიდან და სპორტსმენი უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
ნუგზარ დიაკონაშვილი, ვანკუვერში გარდაცვლილი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის თანაკლასელი იყო.
სპორტსმენის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ბაკურიანის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გადაიხადეს, რის შემდეგაც სნოუბორდისტი ადგილობრივ სასაფლაოზე დაკრძალეს.
ნუგზარ დიაკონაშვილი 5 იანვარს გარდაიცვალა. სრიალის დროს ჩამოწოლილმა ზვავმა ქვეშ მოიყოლა. მაშველებმა სამ საათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ახალგაზრდა სპორტსმენი ბაკურიანის სნოუბორდის გუნდს ხელმძღვანელობდა. იგი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო. ერთ–ერთი ბოლო წარმატება 2015 წელს მოიპოვა, სადაც სნოუბორდ–კროსში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
სპორტსმენი კორეის ოლიმპიადისთვის ლიცენზიის მოსაპოვებლად ემზადებოდა.