სპორტი
კრივისა და კარატეს ევროპის ჩემპიონები ახალქალაქიდან
COVID19-ის გამო კრივში საქართველოს, მსოფლიო, ევროპისა და ლონდონის ოლიმპიური ჩემპიონატი შეჩერდა. კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებისთანავე, საქართველოს კრივის ფედერაციის წევრებს, სპორტსმენებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის დატოვება და ლონდონიდან საქართველოში დაბრუნება მოუწიათ.

ახალქალაქელი გორ აივაზიანი შარშან, 14 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონი გახდა. წელს კი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა, როცა მსოფლიოში კორონავირუსი გავრცელდა. მანამდე სპორტსმენი კვირაში ოთხჯერ ინტენსიურად ვარჯიშობდა, თუმცა პანდემიის გამო მზადება შეაჩერა და ვარჯიში სახლში გააგრძელა. შეზღუდვების მოხსნის და სპორტდარბაზში ვარჯიშის განახლების შემდეგ ამბობს, რომ პირვანდელი ფორმის დასაბრუნებლად, სულ მცირე ორი თვე დასჭირდება.

გორ აივაზიანის მსგავსად, პანდემიამ ხელი არარატ ჰოვსეფიანის კარიერასაც შეუშალა. ის სოფელ იხტილაში დაიბადა და კარატით ბავშვობიდან არის დაკავებული. ახალგაზრდა სპორტსმენი ევროპის, კავკასიისა და შიდა აზიის ჩემპიონია. ის პანდემიის პერიოდში რეაბილიტაციის კურსს გადიოდა, ბოლო შეხვედრისას ფეხზე ტრამვა მიიღო, რის გამოც სეზონს გამოეთიშა. იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობას ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, მომავალი წლიდან შეძლებს.

ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დირექტორი ამბობს, რომ ჯავახეთი ერთ-ერთი რეგიონია, რომელსაც არაერთი წარმატებული სპორტსმენი ჰყავს. ატომ ელიზბარიანი 11 წელია სპორტული კომპლექსის დირექტორი და კრივის მწვრთნელია. ამბობს, რომ პანდემიის გამო, მასშტაბური ჩემპიონატებისა და შეჯიბრებების გაუქმება მოუწია. სპორტსმენებმა ექვსი თვეა უკვე ყოველდღიური ვარჯიშები შეწყვიტეს. მწვრთნელის თქმით, მოკრივეებს ორთვიანი მომზადება სჭირდებათ, რათა პირვანდელი ფორმა დაიბრუნონ.

კრივის ფედერაციის 2019 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით 2 000-მდე სპორტსმენი და 500-მდე მწვრთნელია. სამცხე-ჯავახეთში კი 500-მდე მოკრივე ვარჯიშობს. ფედერაციის პრეზიდენტის დავით წიკლაურის თქმით, წელს რამდენიმე საკრივო კლუბის გახსნა იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის გამო მომავალ წლამდე გადაიდო.

| Print |