სპორტი
პრინციპული დაპირისპირება - „ტაო“ საქართველოს ჩემპიონატის მატჩს გამართავს
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი „ტაო“ ხვალ, 6 თებერვალს ოზურგეთის „არწივებს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 14:00 საათზე, ასპინძის სარაგბო ბაზაზე შედგება. კორონავირუსის და რეგულაციების გამო, თამაში მხარდამჭერების გარეშე გაიმართება.

რეგიონის გუნდი საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის „ბ“ ქვეჯგუფში ასპარაზობს. ერთთვიანი შესვენების შემდეგ, კლუბმა ვარჯიში განაახლა, თუმცა პრეზიდენტის თქმით, უამინდობის და თოვლის გამო, ვარჯიშები არაეფექტური აღმოჩნდა. ირაკლი გვენეტაძე ამბობს, რომ მათ ფორმაში ყოფნას კორონავირუსმა და მოქმედმა რეგულაციებმა ხელი შეუშალა.

ეს თამაში ჩვენთვის, ისევე როგორც ჩვენი მეტოქეებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ თამაშის მოგების შემთხვევაში, სამეულში მოვხვდებით. ძალიან პრინციპული და რთული შეხვედრა გველის წინ, ამიტომ დიდი შემართებით ვიწყებთ. ვიცით ამ თამაშის მნიშვნელობა და შესაბამისად, ორმაგად ვემზადებით. დიდი იმედი მაქვს, ხვალ კარგად ვითამაშებთ და გულშემატკივარს გავახარებთ ჩვენი გამარჯვებით“, - ამბობს ირაკლი გვენეტაძე.

სარაგბო კლუბი „ტაო“ პირველი ლიგის „ბ“ ქვეჯგუფში მესამე ადგილს 22 ქულით იკავებს, რაც შეეხება ოზურგეთის „არწივებს“, გუნდი პირველი ლიგის „ბ“ ქვეჯგუფში მეორე ადგილზე 22 ქულითაა.

სარაგბო კლუბი „ტაოს“ ანგარიშზე 7 თამაშიდან, 5 მოგება, 2 წაგება და 2 პრემიალური ქულაა, რაც შეეხება ოზურგეთის „არწივებს“ მათ 5 მოგება, 2 წაგება და 3 პრემიალური ქულა აქვთ.


| Print |