სპორტი
ახალციხელი გიორგი აკოშვილი უკრაინაში სარეიტინგო შეხვედრისთვის ემზადება
MMA-ს ახალციხელი მებრძოლი, რომელიც სპორტულ კარიერას უკრაინაში აგრძელებს, მორიგ სარეიტინგო ბრძოლას გამართავს. ტურნირი უკრაინის საბრძოლო ორგანიზაცია WGFC- ის ეგიდით 20 თებერვალს, ქალაქ დნეპროპეტროვსკში ჩატარდება.

გიორგი აკოშვილი 77 კგ. წონით კატეგორიაში იასპარაზებს და ავღანელ მეტოქეს დაუპირისპირდება.

„ძალიან კარგი საბრძოლო შემართებით ვარ, სერიოზული საბრძოლო ბანაკი გავიარე და ოქტაგონზე მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად გავდივარ“, - ამბობს „მეცხრე არხთან“ MMA - ს მებრძოლი.

გიორგი აკოშვილი უკრაინის ჩემპიონია შერეულ ორთაბრძოლებში, მას კარიერის განმავლობაში 6 ბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან 4 მოგებით ხოლო 2 წაგებით დაასრულა.

24 წლის სპორტსმენი ახალციხის სოფელ აწყურიდან არის. ის უკრაინაში საცხოვრებლად ოთხი წლის წინ გადავიდა. მანამდე საქართველოში ვარჯიშობდა და სხვადასხვა ჩემპიონატებში ასპარეზობდა.
| Print |