სპორტი
"ტაო" სამეულში ადგილისთვის იბრძოლებს - პრინციპული მატჩი "ყაზბეგთან"
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი „ტაო“ 21 თებერვალს სტეფანწმინდის „ყაზბეგს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 14:00 საათზე, თბილისში, ავჭალის სტადიონზე გაიმართება. რეგიონის გუნდი საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის „ბ“ ქვეჯგუფში ასპარეზობს.
სარაგბო კლუბი „ტაო“ ჩემპიონატში 28 ქულით მეორე ადგილზეა, რაც შეეხება მის მოწინააღმდეგეს - „ყაზბეგი“ 44 ქულით პირველ ადგილს იკავებს და 9 თამაშიდან ყველა მოგებით აქვს დასრულებული.

„ტაოს“ პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე ამბობს, რომ წინ პრინციპული მატჩი ელით, რადგან ამ შეხვედრაზე გადაწყდება, ვინ დარჩება საუკეთესო სამეულში.
„ქულა თუ ვერ ავიღეთ, არსებობს საშიშროება სამეულში ვერ მოვხვდეთ. ყველა მოთამაშეს კარგად ესმის, რომ პრინციპული თამაშია, ამ გუნდთან საშინაო თამაში წავაგეთ, გუნდი ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენ ვემზადებით ბონუს ქულის ასაღებად. პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი, ამიტომ გაგვირთულდება. ვარჯიშები ჩაგვივარდა. ეს რომ არა, უმარტივესად დავამარცხებდით მოწინააღმდეგეებს“, - ამბობს კლუბის პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე.

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბმა „ტაომ“ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ბოლო თამაში გასულ კვირას გამართა. მესხი მორაგბეები ჭიათურის „იმერეთს“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ასპინძის რაგბის ბაზაზე გაიმართა და ანგარიშით - 55:7, „ტაოს“ სასარგებლოდ დასრულდა.
| Print |