სპორტი
ახალციხეს ფეხბურთის ორი გუნდი ჰყავს, მერია ერთს აფინანსებს
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ახალციხელმა ფეხბურთელებმა ვარჯიში განაახლეს. მოედანზე გავიდნენ ახალციხის ორივე გუდის - "მესხეთის" და ქალთა საფეხბურთო კლუბ „ზარზმას" ფეხბურთელები, თუმცა ამბობენ, რომ არც თუ ისე კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვთ.

როგორც "ზარზმას" პრეზიდენტი გელა მაისურაძე ამბობს, გუნდი სარეიტინგო ცხრილში კარგ პოზიციებზეა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, ადგილს ვეღარ ინარჩუნებს. 

„პრობლემები გვაქვს, ფინანსური მდგომარეობა საშინელია, არ გვაქვს თანხები. მერია არ გვეხმარება. ადრე ფეხბურთის განვითარების ფონდი გვაფინანსებდა, მაგრამ ხუთეულში ვერ მოვხვდით და დაფინანსება დავკარგეთ. მერიაში უარი განგვიცხადეს, ახალი ფეხბურთის გუნდი შექმნა მერიამ და მხოლოდ ის დააფინანსა, ჩვენ ყველაფრის გარეშე დავრჩით. გვაქვს გადასახადები, მგზავრობის და კვების ხარჯები, წლის განმავლობაში დაახლოებით, 20 ათასი გვჭირდება", - ამბობს გელა მაისურაძე. 

ქალთა საფეხბურთო კლუბი პირველ ლიგაშია, მაგრამ საჭირო თანხები, რომ შეჯიბრებებზე გავიდნენ, არ აქვთ. 

ახალციხის თვითმმართველობაში კი ამბობენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეუძლიათ დააფინანსონ მხოლოდ ის გუნდი, რომელიც მის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის დაქვემდებარებაშია.

"ახალციხის მუნიციპალიტეტს ერთი პროფესიული გუნდი „სამცხე“ ჰყავს, ასევე, მოყვარულთა გუნდები. მერიის ხელშეწყობით, იმართება სხვადასხვა ტურნირები, მინი ფეხბურთი, 7X7 და სხვა", - აცხადებენ ახალციხის მერიაში. 

"ზარზმამ" არ იცის, როგორ გააგრძელებენ ვარჯიშს და თამაშს.
| Print |