სპორტი
ფეხბურთელი გოგოები სტერეოტიპების, ფინანსური პრობლემების და პანდემიის პირისპირ
პატარა პამაჯის სტადიონს გოგონები ნელ-ნელა ავსებენ. ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, ძალების აღდგენა ინტენსიურად დაიწყეს. 25 მარტიდან 15 აპრილამდე მხოლოდ ექვსი გოგო ვარჯიშობდა. მერე დანარჩენებიც შეუერთდნენ და საქართველოს პირველობის მოსაპოვებლად ახლა სრული შემადგენლობით ემზადებიან.

„ზარზმის“ საფეხბურთო კლუბში მხოლოდ გოგენები არიან. სამი წლის წინ, როცა გუნდი შეიქმნა, სტერეოტიპებთან, გენდერული უთანასწორობის შეგრძნებასთან, გარშემომყოფთა წინააღმდეგობასთან გამკლავება უხდებოდათ. ამ სირთულეებს პანდემია დაემატა. COVID-19-ის გამო დაწესებულმა რეგულაციებმა ხელი მათაც შეუშალა. ფეხბურთელები ინდივიდუალურად, სახლებში ვარჯიშობდნენ, მწვრთნელის მითითებებს კი ვიდეოზარის საშუალებით, ონლაინ იღებდნენ.

ახლა ერთ ნაწილი ისევ საკუთარ კარს იცავს, მეორეს კი მოწინააღმდეგის კარში ბურთი გააქვს. გოგონებს განსხვავებული ფუნქციები აქვთ, მაგრამ ფეხბურთის სიყვარული და კლუბი „ზარზმა“ აერთიანებთ.

ეს სიყვარული აიძულებს 17 წლის ანა ბებნაძეს კვირაში ორჯერ 50 კილომეტრი ფეხით გაიაროს, - ადიგენის სოფელ ფხეროდან - ახალციხის სოფელ პატარა პამაჯამდე და უკან. ,,ზარზმის“ 17 წლის მარჯვენა მცველს საყვარელი გუნდი და ფეხბურთელი არ ჰყავს. თამაშის ტაქტიკას კი სხვადასხვა ფეხბურთელისგან ისწავლოს და მოედანზე იყენებს.

„თავიდან ფეხბურთს უბანში ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი, რადგან ძალიან მიყვარდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბიჭები არ მეთამაშებოდნენ“.

ფიქრობს, რომ პირველ წარმატებას უკვე მიაღწია. იმ დროს იხსენებს, როცა 14 წლისამ, ნორჩ ფეხბურთელთა საქართველოს ნაკრების ასაკობრივი გუნდისთვის შესარჩევ ტურში გაიმარჯვა და სავარჯიშოდ ალბანეთში გაემგზავრა. 

,,ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას შესარჩევი ტურით წავედი ალბანეთში, იქ სამი თამაში ჩავატარეთ ორ კვირაში, სადაც, პარალელურად, ვვარჯიშობდით. საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა თამაშის ყურების შემდეგ შემარჩიეს“.

მარჯვენა მცველი მთავარ სირთულედ ასაკით უფროს გოგონებთან თამაშს მიიჩნევს.თუმცა, ფიქრობს, რომ როცა მოტივაცია და თამაშის მოგების სურვილი არსებობს, ყველაფერს უმკლავდება ადამიანი. „სპორტის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება და ფეხბურთელობა მინდა. პირველ პლანზე ფეხბურთს ვაყენებ და შემდეგ სხვა დანარჩენს“.

ფეხბურთი მისი ცხოვრებაა, სტადიონი კი ერთადერთი ადგილი, სადაც თავს თავისუფლად გრძნობს. ანი ბებნაძის მსგავსად, ამ სპორტით ცოცხლობს სოფო დევნოსაძეც. ის პატარა პამაჯში ფეხბურთის სათამაშოდ, ახალციხის სოფელ კლდიდან უკვე სამი წელია დადის. 18 წლის სოფო აბიტურიენტია და ცდილობს მეცადინეობა და ვარჯიში ერთმანეთს შეუთავსოს. „ჩემი ოჯახის წევრები დადებითად შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას, ყველაფერში ხელს მიწყობენ და მიგებენ“ - ამბობს სოფო.

სირთულეებზე საუბრისას პირველი რაც ახსენდება, ხაშურის „ივერიასთან“ მოგებული თამაშია. ,,ზარზმა“ საქართველოს პირველობაზე როგორც დამწყები გუნდი გავიდა. ნერვიულობისა და გამოუცდელობის მიუხედავად, თამაში წარმატებით დაასრულეს და საქართველოს პირველობისთვის ბრძოლაშიც აქტიურად ჩაებნენ. ამბობს, რომ ეს თამაში მისი პირველი მოგება და ის ძლიერი ემოცია იყო, რომელიც არასდროს დაავიწყდება. სოფოს საყვარელი საფეხბურთო გუნდი ბარსელონაა, ფეხბურთელი კი - ნეიმარი. თამაშის დროსაც ცდილობს მას მიბაძოს და წარმატებას ასე მიაღწიოს. ყველაზე მეტად საკუთარი თავის სჯერა და იმედოვნებს, რომ ცნობილი ფეხბურთელი გახდება.

ფეხბურთს მეხუთე კლასიდან თამაშობს თიკა ბლუაშვილი. „ზარზმის“ ღირსებას კი 14 ნომრიანი მაისურით, მესამე წელია იცავს. მარცხენა მცველი გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში ეხმარება. თანაგუნდელთა უმეტესობის მსგავსად, ფეხბურთის თამაში მანაც უბანში, ბიჭებთან ერთად დაიწყო. თავიდან ფეხბურთი თიკას ბავშვურ გატაცებად მიიჩნიეს, მოგვიანებით კი ამ სპორტისთვის თავის დანებება მოსთხოვეს, რადგან ,,ეს გოგოს საქმე არ იყო“. თიკამ სხვისი აზრის გათვალისწინებას, საკუთარი ოცნების ასრულება არჩია.

„მოედანზე გამოსვლა თერთმეტივე მოთამაშისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ყველას საკუთარი მოვალეობა აქვს გადანაწილებული. თამაშის წაგებასა და მოგებაზეც თითოეული მოთამაშე თანაბრად აგებს პასუხს“.

გოგონა, რომელმაც დაამსხვრია სტერეოტიპი ,,ფეხბურთი გოგოს საქმე არ არის“, თანატოლებს საკუთარი ოცნებების განსახორციელებლად და საყვარელი საქმისთვის ბრძოლას ურჩევს.

ნათია კურტანიძე გუნდის კაპიტანია. თამაშის წინ თანაგუნდელების მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავს, მინდორზე კი სტრატეგიას მართავს. 18 ნომრად განთესილი „ზარზმის“ ცენტრალური მცველი მომავალს საფეხბურთო კარიერას უკავშირებს.

„ფეხბურთი ყველაფერია, უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ამ სპორტს ჩემს ცხოვრებაში“ - ამბობს კაპიტანი.

„ზარზმის“ ყველაზე უფროსი მოთამაშე 21-ის, უმცროსი კი 13 წლისაა. ახალციხესა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 25 გოგო ფეხბურთის სიყვარულმა გააერთიანა.
საფეხბურთო კლუბ „ზარზმას“ დაარსების იდეა 2013 წელს, მაისურაძეების ოჯახში გაჩნდა, თუმცა ამ შემადგენლობით გოგონებს ფეხბურთში გელა მაისურაძე, ცოლთან და შვილთან ერთად სამი წელია ავარჯიშებს.

„კლუბი კი დავაარსე, მაგრამ არ არსებობდა ჩემპიონატი, სადაც გოგონები მონაწილეობას მიიღებდნენ. ამიტომ გადავწყვიტე სხვადასხვა რეგიონში ნაცნობ მწვრთნელებს დავკავშირებოდი და გუნდები ერთმანეთისთვის შეგვეჯიბრებინა. შედეგად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უმაღლესი ლიგა დააფუძნა, სადაც უკვე გოგოებსაც შეუძლიათ მონაწილეობა“ - ამბობს გელა მაისურაძე.

საფეხბურთო გუნდის მსგავსად, მაისურაძეების ოჯახის თითოეულ წევრს საკუთარი მოვალეობა აქვს. მეუღლე ნანა გოგოების მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავს, შვილი ნიკა ,,ზარზმელებს“ავარჯიშებს, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას კი თავად გელა მაისურაძე ასრულებს. „ზარზმის“ დამფუძნებელი და ამავე დროს სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გუნდის ფინანსებზეა პასუხისმგებელი.

მესამე წელია გოგოების საფეხბურთო გუნდი საქართველოს პირველობაზე ასპარეზობს. 2020 წელს, ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში 16 გუნდიდან მეცხრე ადგილზე გავიდნენ. ახლა უკვე საქართველოს პირველობაზე გასასვლელად ემზადებიან. გუნდში ხუთი ახალი მოთამაშეც დაიმატეს.

გასული წლის ნოემბერში, პანდემიის შიშით, მშობლებმა თანაგუნდელთა ნაწილი შეჯიბრებაზე არ გაუშვა. ლანჩხუთთან გასვლით მატჩზე არასრული შემადგენლობით წასულმა გუნდმა თამაში წააგო. მას შემდეგ, მარტამდე, ერთად აღარ უვარჯიშიათ.

გუნდს ერთად ყოფნა და ვარჯიში უნდოდა, რადგან ფეხბურთი გუნდურობის გარეშე არაფერია - სწორედ ეს ვერ მოვახერხეთ პანდემიის გამო“ - ამბობს გელა მაისურაძე.

ქალთა საფეხბურთო კლუბი პირველ ლიგაშია, მაგრამ შეჯიბრებებზე გასასვლელად საჭირო თანხა არ აქვთ.  შესაბამისად, "ზარზმამ" არ იცის, როგორ გააგრძელებენ ვარჯიშს და თამაშს. საფეხბურთო კლუბი ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. გელა მაისურაძე სახელმწიფოსგან, გუნდის მოთამაშეებისთვის ხელფასის დანიშვნას წლებია უშედეგოდ ითხოვს.

,,ფინანსური პრობლემები გვაქვს და ამის გამო საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. მერია არაფრით გვეხმარება. ადრე ფეხბურთის განვითარების ფონდი გვაფინანსებდა, მაგრამ ხუთეულში ვერ მოვხვდით და დაფინანსება დავკარგეთ. მერიამ ახალი ფეხბურთის გუნდი შექმნა და მხოლოდ მას აფინანსებს, ჩვენ კი ყველაფრის გარეშე დავრჩით. გადასახადების, მგზავრობის და კვებისთვის, წლის განმავლობაში დაახლოებით, 20 ათასი ლარი გვჭირდება"- ამბობს გელა მაისურაძე.

ახალციხის თვითმმართველობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ მათ მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის დაქვემდებარებაში არსებულ გუნდს აფინანსებს. ააიპ ,,სამცხემ“ წელს 332 500 ლარი მიიღო.

,,ახალციხის მუნიციპალიტეტს ერთი პროფესიული გუნდი ჰყავს - „სამცხე“. ასევე, მოყვარულთა გუნდები. მერიის ხელშეწყობით, იმართება სხვადასხვა ტურნირები, მინი ფეხბურთი, 7X7 და სხვა. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში ,,მოყვარულთა თასი 2121“-ს თამაშები მიმდინარეობს, რომელშიც რვა გუნდი მონაწილეობს. საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ფულად ჯილდოებს გადასცემს. პირველ ადგილზე გასულ გუნდს 500 ლარი გადაეცემა, მეორეზე - 300, ხოლო მესამეზე - 200 ლარი", - გვეუბნება მერიის პრესსამსახური ნათია ყურმაშვილი.

ახალციხის მერიამ გუნდისთვის თანხები ვერ გამონახა „ზარზმა“ ჩემპიონატებში აქტიურ მონაწილეობას დაფინანსების გარეშე განაგრძობს. გოგონები მოტივაციას არ კარგავენ.

პანდემიამ ძალიან დაგვაზარალა, გოგონები ფორმიდან ამოვარდნენ. აქამდე აქტიური ვარჯიშები დიდი ხნის დაწყებული უნდა გვქონოდა და საქართველოს პირველობაზეც გვეასპარეზა, მაგრამ სეზონი გვიან დავიწყეთ. 24 აპრილს თბილისში გასვლაზე უნდა გვეთამაშა „სოხუმთან“, მაგრამ კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო თამაში 9 მაისამდე გადაგვედო“ - ამბობს „ზარზმის“ მთავარი მწვრთნელი გელა მაისურაძე.

“ზარზმის“ გოგონები დაუღალავად ვარჯიშობენ. მათ მონდომებას წინაღობას ვერც სტერეოტიპები, ვერც ფინანსური პრობლემები და ვერც პანდემია ეღობება.

| Print |