სპორტი
ბაკურიანში შეჯიბრებები რუსი და ბელარუსელი სპორტსმენების გარეშე დაიწყო
ბაკურიანში, მსოფლიო თასის ეტაპების შეჯიბრებები რუსი და ბელარუსელი სპორტსმენების გარეშე დაიწყო.

ორი ქვეყნის წარმომადგენლების გამოთიშვის გადაწყვეტილება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ 1-ელ მარტს მიიღო. ამის გარდა, რუსი და ბელარუსელი სპორტსმენები მონაწილეობას ვერ მიიღებენ მიმდინარე წლის განმავლობაში, ფედერაციის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში.

განცხადებაში წერია, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, ფედერაცია უზრუნველყოფს უკრაინელი მონაწილეების ფინანსურ, ლოჯისტიკურ და ტექნიკურ დახმარებას იქამდე, სანამ შინ, უსაფრთხოდ არ დაბრუნდებიან.

ბაკურიანში, მსოფლიო თასის ეტაპების შეჯიბრებები – ფერდობიდან თხილამურებით თავისუფალ დაშვებაში 3 მარტს დაიწყო და 5 მარტს დასრულდება.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ინფორმაციით, პირველი 10 გამარჯვებული ფულად ჯილდოს მიიღებს.

4-6 მარტს არის დაგეგმილი შეჯიბრება ფერდობიდან სნოუბორდით თავისუფალ დაშვებაშიც. საპრიზო თანხა 25 ათას შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს, რომელიც პირველ 10 გამარჯვებულზე გადანაწილდება.
| Print |