სპორტი
„ტაო“ ფინალშია - გუნდმა შეხვედრა თანამედროვე რაგბისთვის იშვიათი ანგარიშით დაასრულა

სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბმა „ტაომ“ ნახევარფინალის მატჩი მოწინააღმდეგის მოედანზე გამართა. მესხი მორაგბეები თელავის „არმიას“, კავკასიონი არენაზე შეხვდნენ.

პირველი ტაიმი 0:3 დასრულდა მესხი მორაგბეების სასარგებლოდ, “ტაოელებმა“ მეორე ტაიმში კიდევ 3 ქულის მოპოვება შეძლეს, საბოლოო ანგარიში კი 0:6 დაფიქსირდა სტუმრების სასარგებლოდ.

„იმდენად დაძაბული თამაში იყო, რომ 6:0 თანამედროვე რაგბისთვის ძალიან იშვიათი ანგარიშია. ანუ მთელი თამაში სტრესის ქვეშ იყო ყველა - მოთამაშეები, მაყურებლები“, - ამბობს ირაკლი გვენეტაძე, „ტაოს“ პრეზიდენტი.

„არმია“ ერთ-ერთი ძლიერი გუნდია და ის ფავორიტად ითვლებოდა. მას მოპოვებული აქვს საქართველოს ჩემპიონის ტიტული. გუნდი „ტაოსთან“ წაგების გამო, ჩემპიონატს გამოეთიშა.

ამ მოგებით „ტაო“ ფინალში გადავიდა. მესხ მორაგბეებს კიდევ ერთი გასვლითი თამაში დარჩა, რომლის მოგების შემთხვევაში, გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავა.

სპეციალურად ამ დღეს, გულშემატკივრებისთვის მუნიციპალიტეტებიდან უფასო ავტობუსები გამოიყო.

ფოტო: გიორგი მაღრაძე
| Print |