სპორტი
ახალციხელმა იური ბერიძემ GFC-ზე აზერბაიჯანელ მეტოქეს სძლია
საქართველოში სამთვიანი პაუზის შემდეგ GFC-ის (Georgian Fighting Championship) ორთაბრძოლები იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ ახალციხელი სპორტსმენებიც. ერთ-ერთი გამომსვლელი იყო "მე-13 ლეგიონის" მებრძოლი იური ბერიძე, რომელმაც აზერბაიჯანელ მეტოქეს ელვინ ჰატამოვს სძლია. ჰატამოვი მეორე რაუნდში დანებდა.

იური ბერიძეს ამ დრომდე 2-დან 2 მოგება ჰქონდა. მას ბრძოლა ბოლომდე არასდროს მიუყვანია. პირველად ყაზბეგში, GFC 13-ზე იჩხუბა და თურქ ქერიმ ქელეშს მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით სძლია, ხოლო GFC 15-ზე მამუკა ზარავანდაშვილს მტკივნეული ილეთით აჯობა. ბერიძემ კარიერაში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. მისი მწვრთნელი მიხეილ მესხია.

GFC 16-ზე უკვე იბრძოლა "მე-13 ლეგიონის" 19 წლის ახალბედა სპორტსმენმა გაგა გოგოლაძემ, რომლის დებიუტიც დღეს შედგა. მისი მეტოქე ასევე დებიუტანტი დავით დარჩიაშვილი იყო. ორთაბრძოლა გოგოლაძის მარცხით დასრულდა.

დღესვე GFC 16-ის ორთაბრძოლებზე გამოვა ახალციხელი ამირან გოგოლაძეც, რომელიც ორგანიზაციის ქამრის მოპოვებას შეეცდება.

| Print |