სპორტი
ახალციხელი ამირან გოგოლაძე GFC-ის ქამრის მფლობელია
ახალციხელმა ამირან გოგოლაძემ GFC-ის ქამარი მოიპოვა. მან MMA-ის ორთაბრძოლაში ბრაზილიელი მარკოს სილვა 4 წუთსა და 56 წამში დაამარცხა. გოგოლაძეს ქამარი შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი კაბულაშვილმა გადასცა. სპორტსმენმა გამარჯვება ოჯახს და მომავალ შვილს მიუძღვნა. 

ამირან გოგოლაძემ GFC-ზე მანამდე 2-ჯერ იბრძოლა და ორივე ბრძოლის მოსაგებად ჯამში 2 წუთი და 3 წამი დასჭირდა. წინა შეხვედრაზე მან GFC-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ნოკაუტი დააფიქსირა - მან თურქი მურატ ქემერი 15 წამში დაამარცხა. 2021 წლის ბოლოს ირანელ ალირეზა შარიათს ტექნიკური ნოკაუტით სძლია.

გოგოლაძის ანგარიშზე სულ 13 მოგება და ერთი მარცხია. მის მეტოქეს ბრაზილიელ მარკოს სილვას კი კარიერაში 7 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.

ამირანის გარდა GFC-ის ქამრის მოსაპოვებლად იბრძვის კიდევ ერთი ქართველი რაულ თუთარაული.

ამირან გოგოლაძე მიხეილ მესხის კლუბის "მე-13 ლეგიონის" მებრძოლია. ამირანის გარდა GFC-ის ორთაბრძოლებზე ორი ახალციხელი სპორტსმენი გამოვიდა. იური ბერიძემ მეტოქე დაამარცხა, ხოლო გაგა გოგოლაძემ მოგება ვერ მოახერხა.

ორთაბრძოლებს თბილისში, საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის სპორტული კომპლექსი მასპინძლობს.

ევროპოპის ფოტო
| Print |