სპორტი
7 წლის ახალციხელმა მოჭადრაკემ ბათუმის ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა
7 წლის ახალციხელმა მოჭადრაკემ მარიამ მიგრიაულმა ბათუმში გამართულ საჭადრაკო ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა. პატარა მოჭადრაკემ 8 წლამდე გოგონათა შორის იასპარეზა. "ბათუმი 2022" 24 ივლისს გაიმართა. აჭარის ჭადრაკის ფედერაციამ მას დიპლომი და თასი გადასცა. 

მარიამ მიგრიაული ჭადრაკით ერთი წლის წინ დაინტერესდა და მისი შესწავლა გადაწყვტა. 

"ამ სპორტით დავინტერესდი, როდესაც ჩემი მშობლები ფილმს „ლაზიერის გამბიტს" უყურებდნენ. პირველად მაშინ გავიგე ჭადრაკის შესახებ, მამამ მასწავლა და დავიწყეთ თამაში, მალევე მივედი ჭადრაკის წერზე. თავიდან ბევრი დაბრკოლება შემხვდა, თუმცა მაინც არ ვწყვეტდი ვარჯიშს, რადგან საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი, რომ ბევრს მივაღწევდი. ყოველი მარცხი თუ წინსვლა სტიმულს მმატებდა" - ამბობს მარიამი. 

მან პირველ შეჯიბრში მონაწილეობა მალევე მიიღო. ტურნირში 12 წლამდე ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ, სადაც მარიამი წარმატებული "დამწყები მოჭადრაკე"-ს ტიტულით დააჯილდოვეს. დღეისათვის ის ჭადრაკის ტურნირებსა და ოლიმპიადებში აქტიურადაა ჩართული. პირველი წარმატება სამცხე-ჯავახეთის პირველობაზე მოიპოვა, სადაც 8 წლამდე ასაკის გოგონებს შორის საუკეთესოდ იასპარეზა. "ჩემს წარმატებებში დიდი წვლილი მწვრთნელს ზაქარია დიდიმამიშვილს მიუძღვის, ის ყოველთვის მამხნევებს და გვერდში მიდგას. ჩემს ერთწლიან საჭადრაკო კარიერაში მიღებული მაქვს: ექვსი I ადგილი, ერთი II, ორი III ადგილი და ერთიც გუნდური პირველობა. ჩემს თანატოლებს კი ვურჩევ რომ დაკავდნენ სპორტით, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სახეობას აირჩევენ, რადგან სპორტი მარტო მიღწევები და ჩემპიონობა არაა, იგი წარმატებული მომავლის საწინდარია!"- აღნიშნავს პატარა მოჭადრაკე. 

ახლა მარიამი მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ემზადება, რომელიც 15 სეტემბერს ბათუმში გაიმართება.
| Print |