სპორტი
ახალციხელი მარიამი და ბორჯომელი ბარბარე მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობენ
7 წლის ახალციხელი მოჭადრაკე მარიამ მიგრიაული და 10 წლის ბარბარე შონია ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობენ.

მარიამისთვის ეს პირველი სერიოზული გამოწვევაა. იგი 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის იასპარეზებს. პატარა მოჭადრაკის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მსოფლიო ჩემიონატში მონაწილეობით ის მნიშვნელოვან გამოცდილებას შეიძენს.

მარიამმა ცოტა ხნის წინ "ტყიბულის ფესტივალი 2022"-ში - მეორე ადგილი, მანამდე კი ბათუმში გამართულ საჭადრაკო ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა. ერთწლიან საჭადრაკო კარიერაში მარიამს მიღებული აქვს: ექვსი I, ორი II, ორი III ადგილი და ერთიც გუნდური პირველობა.

რაც შეეხება ბარბარეს, მსოფლიო ჩემპიონატში იგი 10 წლამდე გოგონათა შორის ისაპარეზებს. მოჭადრაკე ფიქრობს, რომ საპრიზო ადგილს თუ ვერ მოიპოვებს, პირველ ხუთეულში მაინც გავა.

ბარბარე შონიამ ცოტა ხნის წინ დასთან ერთად ბათუმში გამართულ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე გაიმარჯვა. მის ანგარიშზე არაერთი წარმატებაა.

მსოფლიო ჩემპიონატი ბათუმში ხვალ 16 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში მოჭადრაკეები სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობენ.

| Print |