სპორტი
საფეხბურთო ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატი ზამთარში ჩატარდება
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც 20 ნოემბერს ყატარში იწყება, პირველად ტარდება ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში და ის ისტორიაში ყველაზე ძვირი იქნება. რატომ ტარდება ჩემპიონატი შემოდგომა - ზამთარში და რა ელით ფანებს არაბულ ქვეყანაში? ჩემპიონატი ეკვადორის და ყატარის ნაკრებების შეხვედრით იწყება. რაშია ამ მსოფლიო პირველობის თავისებურება და რატომ ისმოდა ხშირად მოწოდებები სხვა ქვეყანაში ჩემპიონატის გადატანის შესახებ? Deutche Welle ამაზე სტატიას აქვეყნებს.

ჩემპიონატი პირველად ტარდება არაბულ ქვეყანაში. ის პირველად ტარდება შემოდგომა-ზამთარში. ზაფხულში ყატარში საშუალო ტემპერატურა 45 გრადუსს აღწევს და ეს ღია სტადიონებზე მატჩის ჩასატარებლად იდეალური პირობები ნამდვილად არ არის.

ეს ბოლო ჩემპიონატი იქნება, სადაც 32 გუნდი მონაწილეობს. მომდევნო პირველობა, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება, უკვე 48 საფეხბურთო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს ლუსაილეს სტადიონზე გაიმართება, რომელიც 80 ათას მაყურებელზეა გათვლილი. საერთო ჯამში თამაშები 5 ქალაქის 8 სტადიონზე გაიმართება, რომელთა შორის 7 სტადიონი ნულიდან, სპეციალურად ტურნირისთვის იყო აშენებული.

პირველი სტადიონის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 4 წლის შემდეგ დასრულდა. 2021 წელს უკვე ყველა სტადიონი აშენებული იყო და თამაშების ჩასატარებლად მზად იყო.

ყველა არენაზე დამონტაჟებულია ჰაერის გაგრილების სისტემები, რომლის წყალობით შესაძლებელია სტადიონზე 27 გრადუსის ფარგლებში ტემპერატურის შენარჩუნება.

ტურნირის დასრულების შემდეგ სტადიონების ტევადობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ხოლო „სტადიონს -974“, რომელიც დოჰას პორტთან მდებარეობს, საერთოდ ნაწილებად დაშლიან და მას ღარიბ ქვეყნებში სხვადასხვა ნაგებობების ასაგებად გამოიყენებენ. იგივე იგეგმება ელ-ჰაურში მდებარე სტადიონის ზედა იარუსებთან დაკავშირებით - მათაც ნაწილებად დაშლიან.

| Print |