სპორტი
ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში დიდველის ტბა და სატუმბი შენობა-ნაგებობა დაათვალიერა

მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში - ტურნირისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება. ისტორიაში პირველად საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით გაიმართება და შეჯიბრებაში მონაწილეობას 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს.

„ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო ავაშენეთ, 6 ახალი ტრასა მოეწყო და 30 კილომეტრის მანძილზე ახალი გათოვლიანების სისტემა და ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემა, რომელიც დამონტაჟდა ბაკურიანში. ჯამში 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ჩვენ ველოდებით მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში ყოფნისას, სადაც მან ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დაწყებულია მზადება 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩასატარებლად.

„ვგეგმავთ მოვაწყოთ, აღვადგინოთ ტრამპლინები, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნება ამ ოლიმპიადის ფარგლებში. და ბაკურიანი უნდა იყოს მუდმივად მზად იმისთვის, რომ უმასპინძლოს ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატებს“, - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბაკურიანში პრემიერ მინისტრთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იმყოფება:

,,ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია, ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის, განსაკუთრებით კი, სამთო და სათხილამურო მიმართულებით. ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩემპიონატისთვის გაკეთდა წლების განმავლობაში ამ კურორტს მოემსახურება და მის მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით გაზრდის,"- აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა. სამუშაო თათბირს ესწრებოდნენ ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები.
| Print |