სპორტი
სამართალდამცველები ბაკურიანში პატრულირებენ
ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის - „ბაკურიანი 2023“-ის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რამდენიმედღიანი ღონისძიების მსვლელობისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეკიპაჟები სატრანსპორტო რეგულაციების აღსრულებას, ჩემპიონატში მონაწილე პირების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შეუფერხებელი გადაადგილებას, მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით, მართლწესრიგის და საგზაო მოძრაობის წესების დაცვას უზრუნველყოფენ.

მოთხილამურე პატრულები კი სასრიალო ტრასებზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაიცავენ. მოთხილამურე პატრულები აღჭურვილი არიან ყველა საჭირო ტექნიკით, რათა საჭიროების შემთხვევაში, დამსვენებლებს შესაბამისი დახმარება გაუწიონ.

„ბაკურიანი 2023“ -ში 42 ქვეყნის 700 - მდე სპორტსმენი მონაწილეობს. სხვადასხვა ლოკაციაზე მოწყობილია დაცვის პოლიციის 4 საგუშაგო, სადაც დაცვის პოლიციის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. მაშველები ორ ლოკაციაზე არიან გადანაწილებულნი.
| Print |