სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ბაკურიანელი სპორტსმენი მონაწილეობს
დღეს, ბაკურიანში, ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად დაიწყო. საქართველო ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს.
„ბაკურიანი 2023“-ში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, აქედან საქართველოს სახელით ასპარეზობს ექვსი სპორტსმენი. ხოლო, ექვსი სპორტსმენიდან სამი მათგანი ბაკურიანელია.
დავით თედიაშვილი, ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე სკი კროსში გამოსცდიან საკუთარ შესაძლებლობებს. დავით თედიაშვილი თხილამურებზე სამი წლიდან დგას. არის ყოფილი სამთო მოთხილამურე, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, სკი კროსის დამფუძნებელი საქართველოში. პირველად, საერთაშორისო ტურნირზე 2015 წელს, ესპანეთში გავიდა. მას შემდეგ შემოიარა სხვა ევროპული ქვეყნები და საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა არაერთხელ ასახელა მშობლიური ქვეყანა. კორონავირუსის პანდემიამ მისი სპორტული კარიერა დროებით შეაჩერა, შემდეგ კი ისევ გააგრძელა სპორტული ცხოვრება.
„პირველად, საერთაშორისო ტურნირზე 2015 წელს მსოფლიო უნივერსიადაზე ვიასპარეზე ესპანეთში. ამის შემდეგ იყო ჩეხეთი 2016 წელს და 2-ჯერ მეორე ადგილი ფისზე, კურორტი რეჯისე. 2017 წელს ყაზახეთში მსოფლიო უნივერსიადაზე მე-7 ადგილი დავიკავე. შემდეგ, პირველი ადგილი ჩეხეთისა და სლოვაკეთის პირველობაზე. ასევე, 2017 წელს ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ვიასპარეზე. 2018 წელს ტრავმამ ერთი წელი გამომატოვებინა, შემდეგ პანდემია დაიწყო და მთელი ეს პერიოდი პასიურად ვიყავი. 2021 წლიდან კი განვაახლე სპორტული კარიერა. ძირითადად, პირველი და მეორე ადგილები დავიკავე ჩეხეთში, შვეიცარიაში, ავსტრიაში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებში“ - ამბობს დავით თედიაშვილი.

მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში, დღეიდან, 18 თებერვლიდან დაიწყო და 5 მარტს დასრულდება. ყოველდღიურად გაიმართება შეჯიბრებები, დღის ბოლოს კი გამარჯვებულების გამოვლენა და მათი დაჯილდოება. ვინ როგორ შედეგს მოუტანს საქართველოს და ბაკურიანს, ეს ჩემპიონატის მიმდინარეობისას გაირკვევა. თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით, მსოფლიო ჩემპიონატი, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით იმართება. ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, წარმდგენი კომპანია „სილქნეტია“.
| Print |